„დარგი რომ მოკვდება, მერე მოგვიხსნიან დღგ-ს“, - ამის შესახებ მეფრინველეობის განვითრების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც მარცვლეულის ფასი სულ უფრო იზრდება, ლარი კი უფასურდება, მეფრინველეებისთვის არაფერი სასიკეთო არ მომხდარა.
როგორც ზურა უჩუმბეგაშვილი ამბობს, გარდა იმისა, რომ 12 წელია დარგი დღგ-ს მოხსნას უშედეგოდ ითხოვს, 4 თვეა, რაც პრემიერის სახელზე შეხვედრის მოთხოვნით წერილია გაგზავნილი, თუმცა ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ მომხდარა.
„ალბათ, ბევრი იძლებულიც იქნება ბაზრიდან გავიდეს, რადგან მთავრობის მხრიდან არანაირი ზრუნვა, ან გარკვეული დროებითი შეღავათი მაინც, (გადასახადების გადაწევა, ან ბანკის პროცენტების შემცირება) არ მიგვიღია. მაგალითად, თურქეთმა ფაბრიკები გაათავისუფლა მარცვლეული კულტურების გადასახადისგან. ჩვენთან კი, დღგ ვერ მოვახსნევინეთ. 12 წელიწადია ერთსა და იმავეს ვსაუბრობთ. ადამიანი რომ მოკვდება და მერე ამბობენ, რა კარგი პიროვნება იყოო, ასე მოგვივა ჩვენ. დარგი რომ მოკვდება, მერე მოგვიხსნიან დღგ-ს. ამ მიმართულებით ჩვენთან არანაირი მოძრაობაც კი არ შეინიშნება. 4 თვეა წერილი გვაქვს ჩაბარებული პრემიერ-მინისტრის სახელზე. ხან არჩევნები იყო, ხან პანდემია და საერთოდ რეაგირება არ ყოფილა. შეხვედრა გვინდოდა მასთან და არსებულ ყველა პრობლემაზე საუბარი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერც დღგ-ს მოხსნის და ვერც სხვა ცვლილებას განახორციელებს, გინდა თუ არა, პრემიერი უნდა ჩაერთოს საქმეში, მაგრამ საერთოდ არავინ გამოსულა კონტაქტზე“,-აცხადებს ზურა უჩუმბეგაშვილი.