საქართველოს მსოფლიო რამდენიმე მიზეზით იცნობს და ერთ-ერთი მათგანი ის უნიკალური ფაგებია, რომლებზე მუშაობაც საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის ადრეულ წლებში დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში ამ ფაგური პრეპარატებით მთელი მსოფლიო დაინტერესდა და მათზე მოთხოვნაც გაიზარდა.
ფაგები სხვადასხვა ტიპის ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება. მათი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მკურნალობის პროცესში ამ საშუალებების გამოყენებას გვერდითი ეფექტი არ გააჩნია, ფაგები კონკრეტული ბაქტერიით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
დღესდღეობით, როცა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გამო უამრავი ადამიანი იღუპება, ფაგების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია. სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მსოფლიო სწორედ ფაგებს მიიჩნევს. ფაგების გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, მათ შორის ანტიბიოტიკთან კომბინაციაშიც შესაძლებელია.
საქართველოში გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი 1923 წელს დაარსდა და მას შემდეგ ფაგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია. ინსტიტუტის დაარსებიდან დღემდე საქართველოში მიმდინარეობს ფაგებზე დაკვირვება, მათი დეტალური შესწავლა, რათა მისი ბუნება ადამიანის სასარგებლოდ იქნეს გამოყენებული.
გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მზია ქუთათელაძე დეტალურად გვესაუბრება გიორგი ელიავაზე, მის დამსახურებაზე, ინსტიტუტის ისტორიასა და თანამედროვე კვლევებზე.
- ინსტიტუტი 1923 წელს დაარსდა გიორგი ელიავასა და ფელიქს დერელის მიერ, რომელიც ფაგის ერთ-ერთ აღმომჩენად ითვლება. სამწუხაროდ, გიორგი ელიავა 1937 წელს პოლიტიკურ რეპრესიებს შეეწირა. 1931-33 წლებში დერელი რამდენიმეჯერ სტუმრობდა ინსტიტუტს თბილისში. მან სამი წლის განმავლობაში თითქმის 18 თვე გაატარა აქ, მას საკუთარი კვლევითი ლაბორატორია ჰქონდა, ესწრებოდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომებს. ამ ორ მეცნიერს ჰქონდა ამბიციური იდეა, რომ ინსტიტუტი ბაქტერიოფაგიის შესწავლის მსოფლიო ცენტრი გამხდარიყო. ეს გახლდათ საკმაოდ მასშტაბური პროექტი, რომელიც სამეცნიერო კვლევას, დიაგნოსტიკურ მომსახურებას და დიდ ჰოსპიტალს მოიცავდა; ასევე აქვე უნდა მომხდარიყო ფაგების პრეპარატების წარმოებაც. ინსტიტუტს გიორგი ელიავას სახელი 90-იან წლებში მიენიჭა. დღეს ინსტიტუტის ტერიტორიაზე არის პატარა მუზეუმი, სადაც აღნიშნული პროექტის პირველი მაკეტი, მაშინდელი ჩანაწერები და ფოტოსურათები არის დაცული.
- რა ბედი ეწია ინსტიტუტს მას შემდეგ, რაც ის გიორგი ელიავასა და ფელიქს დერელის გარეშე დარჩა?
- ინსტიტუტი გადარჩა და დამაარსებლების გეგმა უკვე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გაიშალა, ამან კი პროექტს გაცილებით დიდი მასშტაბი შესძინა. ინსტიტუტი საკავშირო მნიშვნელობის პირველი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება იყო, რომელიც ბაქტერიოფაგიის შესწავლასა და გამოყენებაზე მუშაობდა. მან არსებობის პერიოდში სახელი რამდენჯერმე შეიცვალა: ერთხანს ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტადაც მოიხსენიებდნენ. საბჭოთა კავშირის მასშტაბით ის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ბიოლოგიური პრეპარატების შექმნისა და წარმოების ცენტრი გახლდათ. ინსტიტუტი, რომელიც ორ დიდ მიმართულებას: სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და წარმოებას მოიცავდა, მთელ საბჭოთა კავშირს ემსახურებოდა. ცენტრი კვირის განმავლობაში 150-200 ტონამდე ბიოლოგიურ მასალას: ვაქცინებს, შრატებსა და ფაგურ პრეპარატებს უშვებდა. წარმოება იმდენად მასშტაბური იყო, ინსტიტუტის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სარკინიგზო ხაზი შემოდიოდა და მასალით დატვირთული ვაგონები პირდაპირი გზით დანიშნულებისამებრ მიემართებოდა.აღსანიშნავია განსაკუთრებული მნიშვნელობის ციმბირის წყლულის ვაქცინა, რომელიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა და 1987 წლამდე მას აღნიშნული ინსტიტუტი აწარმოებდა. ინსტიტუტი ასევე აწარმოებდა ცოფის, ბრუცელას საწინააღმდეგო ვაქცინებს, ასევე სხვადასხვა სამკურნალო და დიაგნოსტიკურ შრატს, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ბაქტერიოფაგების პრეპარატების შესწავლას და მათ წარმოებას ენიჭებოდა.
- როგორ განვითარდა მოვლენები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ?
- ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ფაგებზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო, მთავრობამ გადაწყვიტა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ფაგების წარმოების რამდენიმე საწარმო გაეხსნა, თუმცა ინსტიტუტი საქართველოში ფაგური პრეპარატების შექმნის ლიდერად და წამყვან ცენტრად რჩებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავიდა. ის ჯერ მრეწველობის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ კი მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნოდა, თუმცა აკადემია მალევე დატოვა. კავშირები სრულიად შეწყდა რუსეთსა და სხვა რესპუბლიკებთან. დღესდღეობით ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებობს ფაგური პრეპარატების რამდენიმე წარმოება, თუმცა ჩვენ მათთან არანაირი კავშირი აღარ გვაქვს.
ელიავას ინსტიტუტმა ბაქტერიოფაგებზე გააგრძელა მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალა სტრუქტურაც: ინსტიტუტი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში დარჩა, ხოლო წარმოება პრივატიზებას დაექვემდებარა. ინსტიტუტს ყველაზე რთული პერიოდი - 90-იანი წლებში ელოდა. ინსტიტუტი არც ერთი დღით არ დაკეტილა, მაგრამ ამ წლებში ახალ კვლევებზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. არც წყალი იყო და არც გათბობა, თუმცა ჩვენი მეცნიერები სამსახურში ყოველდღე დადიოდნენ, ძალიან ხშირად ფეხითაც, საქმის სიყვარულისა და ერთგულების გამო. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ინსტიტუტი გადარჩა როგორც აპარატურითა და უძვირფასესი არქივით, ასევე ადამიანური რესურსით; ამ პერიოდში არც ერთ მეცნიერს ქვეყანა არ დაუტოვებია. ამ ინტელექტუალური რესურსის შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ინსტიტუტში დაგროვილი უნიკალური ცოდნა ახლა ახალგაზრდა თაობას გადაეცემა.
იმ რთულ პერიოდში ინსტიტუტის დირექტორი დიდი მეცნიერი, ბატონი თეიმურაზ ჭანიშვილი იყო. მან და რამდენიმე ახალგაზრდა მეცნიერმა (რევაზ ადამიამ, ქეთევან გაჩეჩილაძემ, ნინო ჭანიშვილმა, მარინა თედიაშვილმა და სხვებმა) საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება შეძლეს, რაც ინსტიტუტისთვის ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა. ჩვენს მეცნიერებს საბჭოთა კავშირის დროსაც ჰქონდათ ურთიერთობა უცხოელ საერთაშორისო დონის მეცნიერებსა და მკვლევრებთან, მათ შორის გერმანელ და ამერიკელ მეცნიერებთან, რომლებმაც 90-იან წლებში უყურადღებოდ არ დატოვეს ინსტიტუტი. მაგალითად, ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა ელიზაბეტ კატერმა კერძო კომპანიის დახმარებით შეიძინა და საჩუქრად გადმოგვცა გაზის გამათბობლები, რამაც ჩვენს მეცნიერებს შედარებით ნორმალურ გარემოში მუშაობის საშუალება მისცა. ამ ძალიან რთულ პერიოდში ქართველი მეცნიერები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდნენ ფაგების კვლევას და უნიკალური კოლექციის გადარჩენას.
იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის" 23 ნოემბრის ნომერში