„დიდი კლინიკების მიმდებარედ, დაუყოვნებლივ გაიხსნას სამხედრო საველე ჰოსპიტლები“ - კლინიკების ასოციაციის რეკომენდაცია მთავრობას

კლინიკების ასოციაცია მთავრობის მისამართით მიმართვას ავრცელებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსთან ბრძოლის მწვავე ფაზაში ჯანდაცვის სისტემაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ნაკლოვანებებმა და ხარვეზებმა.

მათი შეფასებით, აუცილებლობას წარმოადგენს სისტემის დაკომპლექტება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური კადრით.

„ამავე დროს სასურველია არ დავკომპლექსდეთ და საჭიროების შემთხვევაში მოვიწვიოთ უცხოეთიდან ჩვენი თანამემამულეები, რომელთაც დაუგროვდათ საკმაო კვალიფიკაცია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, კლინიკურ მენეჯმენტსა და ჯანდაცვის სისტემის მართვის საკითხებში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამოქალაქო სექტორს დაეხმაროს სამხედრო სამედიცინო სამსახური, რეკომენდებულია დიდი კლინიკების მიმდებარედ, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაუყოვნებლივ გაიხსნას სამხედრო საველე ჰოსპიტლები (100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, აპარატურით, გათბობისა და კონდიცირების სისტემებით). ვირუსთან ბრძოლის საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთოს სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები და სანიტრები,“- აღნიშნულია მიმართვაში.

თაია არდოტელი