კლინიკების ასოციაცია მთავრობის მისამართით მიმართვას ავრცელებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსთან ბრძოლის მწვავე ფაზაში ჯანდაცვის სისტემაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ნაკლოვანებებმა და ხარვეზებმა.
მათი შეფასებით, აუცილებლობას წარმოადგენს სისტემის დაკომპლექტება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური კადრით. ამასთან, როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, კორონავირუსთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით აუცილებლობას წარმოადგენს რეგულაციების გამკაცრება, მაგრამ არა ,,ლოკდაუნი“. სრულ შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა და სოციალური სფერო ვერ გაუძლებს. სამუშაო ადგილების შენარჩუნება კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ყოველივეს გათვალისწინებით კლინიკების ასოციაციის მიერ რეკომენდებულია:
- მოწყვლადი ჯგუფისთვის კვლავ ამოქმედდეს პრინციპი - ,,დარჩი სახლში“;
- შეიზღუდოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საპენსიო ასაკის მქონე ადამიანების გადაადგილება, ვინაიდან მათში ხშირია ქრონიკული დაავადებები;
- შეიზღუდოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა, რეკომენდებულია მიკროავტობუსში, ავტობუსში და მეტროს ვაგონში მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში მგზავრობა, დისტანციის დაცვით. (ფეხზე დგომით მგზავრობა არარეკომენდირებულია ვინაიდან ვირუსს ახასიათებს დალექვა და ადვილად შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ახლოს მჯდომ მგზავრს);
- სავაჭრო ობიექტებს დაერთოთ ნება განაგრძონ მუშაობა დისტანციის დაცვით, რეკომენდებულია 10 კვადრატული მეტრის მქონე ფართში ერთდროულად მხოლოდ 4 ადამიანის ყოფნა;
- ნებისმიერი კვების ობიექტი რეკომენდებულია მუშაობდეს ღია სივრცეში და დაცული იყოს დისტანცია მაგიდებს შორის მინიმუმ 4 მეტრი;
- სილამაზის სალონებში რეკომენდებულია დაცული იყოს დისტანცია სავარძლებს შორის, გამოვიყენოთ ერთჯერადი წინსაფრები და ყოველი მომსახურების შემდეგ სტილისტის ხელსაწყოები დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
- სტომატოლოგიური კლინიკების უსაფრთხო საქმიანობისთვის რეკომენდებულია ყველა პაციენტს სტომატოლოგიური დახმარების გაწევამდე ადგილზე ჩაუტარდეს კორონავირუსის ანტიგენზე დამყარებული სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტი, რომლის რეზულტატი ცნობილია 10-15 წუთში.