ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე რეგულაციების საკითხი განიხილეს.
მინისტრის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე მთავრობა გარკვეულ შეზღუდვებზე ფიქრობს და გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესთან ხდება კონსულტაცია.
„ესაა ის ინდუსტრია, სადაც მთელს მსოფლიოში მიჩნეულია, რომ ადამიანების ყველაზე დიდი მობილობაა და აქედან გამომდინარე, როდესაც გვაქვს მეორე ტალღა, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, გარკვეულ შეზღუდვებზე გვიწევს ფიქრი, მაგრამ არ გვინდა ამ გადაწყვეტილების მიღება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე, რადგან ისიც გვესმის, რომ დიდი დარტმის ქვეშ არიან პანდემიიდან გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე. მაგრამ ვთანხმდებით, რომ პანდემია გაცილებით მეტ ზიანს აყენებს ამ ბიზნესებს, რადგან ადამიანები ერიდებიან რესტორანში მისვლას, სავაჭრო ქსელში ზედმეტად მისვლას, ამიტომ ყველა ვთანხმდებით, რომ ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს ტენდენცია გადავტეხოთ ინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით.
აქედან გამომდინარე ვეძებთ და აუცილებლად ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ნაკლებად დააზიანებს ამ დარგებს. ვმსჯელობთ რითი დავეხმაროთ“,-განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს. სარესტორნო ბიზნესის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.