ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა სარესტორნო ბიზნესის „ლოქდაუნს“ ნიშნავს,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრების მხრიდან აღინიშნა, რომ სექტორი ინფექციის გავრცელების რისკს ქმნის. მისი განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად ეკონომიკური გუნდის მინისტრების მხრიდან სამი შესაძლო იდეა დასახელდა: სრულად მიტანის სერვისზე გადასვლა, სამუშაო საათების შემცირება და შაბათ -კვირას მუშაობის შეზღუდვა და ამასთან, მთავრობა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდანაც ელის იდეებს, რათა ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
„დადებითად შეიძლება შეფასდეს, რომ სექტორთან ერთად მიმდინარეობს მსჯელობა მომავალი გადაწყვეტილებებისთვის, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ შესაძლო პრობლემებიდან. მათი მხრიდან საუბარია, რომ სფერო დღესდღეობით ეპიდემიის გავრცელების შესაძლებლობას წარმოადგენს და რა შეიძლება გაკეთდეს, რომ თავყრილობები თავიდან იქნას აცილებული.
მინისტრების მხრიდან უცხოეთის მაგალითები იქნა მოყვანილი წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ, შაბათ -კვირის აკრძალვა, რესტორნების მუშაობის დროის შემცირება და მიტანის ფორმატზე გადასვლა. ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა, ამ სფეროს „ლოქდაუნს“ ნიშნავს. დღესდღეობით რესტორნების დიდი უმრავლესობა მინუსზე მუშაობს, დაკეტვის შემთხვევაში მათ ვერ შეუმსუბუქდებათ საბანკო თუ სხვა ვალდებულებები და უფრო მეტი ფული ექნებათ სახლიდან მოსატანი. მე მარტივად განვუმარტე, რომ გადაწყვეტილება შეზღუდვების შესახებ, ნიშნავს ასიათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვებას. დილემური საკითხია და აუცილებელია ოქროს შუალედის გამონახვა, ამიტომ მსჯელობა გაგრძელდება. ჩვენი მხრიდან ელოდებიან ინიციატივებს, რომელიც სიტუაციას გაანეიტრალებს და შეზღუდვების საჭიროებას მოხსნის და საბოლოოდ ერთობლივად მივალთ კონსენსუსამდე“,-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, სისტემურ „ლოქდაუნზე“ საუბარი არაა.
ცნობისთვის, პრემიერ - მინისტრის დავალებით, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. სარესტორნო ბიზნესის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.