„ბრიკორამა“ - თუ შეზღუდვები წერტილოვანი იქნება, ბიზნესი გაუძლებს, თუ „ლოკდაუნი“, მაშინ - ვერ

მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბაზრობების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც კომპანია „ბრიკორამას“ წარმომადგენელმა მამუკა დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე კონკრეტული შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ არ უსაუბრიათ.

მისივე თქმით, თუ შეზღუდვები წერტილოვანი იქნება, ამას ბიზნესის სფერო გაუძლებს, ჩაკეტვას და გლობალურ შეზღუდვებს - ვერა.

„ჯერჯერობით არ არიან ჩამოყალიბებული. ეს შეზღუდვები აუცილებელია, რადგან რთულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. მოთხოვნები არ გვქონია, უნდა გავითვალისწინოთ ის ვითარება, რაც არის. შევეხეთ რამდენიმე საკითხს და იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება. თუ შეზღუდვები წერტილოვანი იქნება, გაუძლებს, თუ შეზღუდვები გლობალური იქნება, მაგალითად, „ლოკდაუნი“, რაც არ მოხდება, მაშინ ვერ გაუძლებს. ჯერჯერობით კონკრეტულ შეზღუდვებზე საუბარი არ არის“, - განაცხადა დოლიძემ.