„ისეთ კრიტიკულ ზღვარს მივაღწიეთ, რომ თუ არ შევზღუდავთ წერტილოვნად, შეიძლება ეს მდგომარეობა ანუ ჯამურად „ლოკდაუნი“, ბუნებრივად დაგვიდგეს“. ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
„ამ ეტაპზე აუცილებელია, გარკვეული რეგულაციების ამოქმედება, რომელიც შეზღუდავს ეკონომიკურ აქტივობას, იმიტომ, რომ დღევანდელი სტატისტიკით საავადმყოფოებში 6 350 კაცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გვყავს 6 211 . ეს ნიშნავს, რომ საავადმყოფოები ამკაცრებენ მიღების მაჩვენებელს ანუ უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს შანსი მოხვდეს კლინიკაში სამკურნალოდ.
თუ ჩვენ ამ წერტილოვან დარტყმებს არ მივიღებთ ანუ 20-30%-ით არ შევამცირებთ აქტიურობებს, ჩვენ უკვე გვექნება პანდემიის, ჯანდაცვის თვალსაზრისით იმდენად გაუარესებული მდგომარეობა, რომ სამუშაოდაც აღარავის ეცლება და აღარც მოლში სასიარულოდ,“-აღნიშნა ჭარაიამ.
მანვე ისაუბრა, თუ რა ჯდება მათი ინფორმაციით, ერთი კოვიდ ინფიცირებული პაციენტის მკურნალობა.
„დღეის მდგომარეობით, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ყოველი პაციენტის მკურნალობა კლინიკაში 250 ლარი ჯდება, სასტუმროებში კი დაახლოებით, 300 ლარი. ეს რომ ჩვენ გადავამრავლოთ იმ მაჩვენებლებზე რამდენიც შეიძლება გახდეს პიკზე ინფიცირებულების რაოდენობა, შეიძლება 200-დან 300 მილიონ ლარამდე ავიდეს ეს ხარჯი. ჯობია ეს ხარჯი შევამციროთ და ფული გამოვიყენოთ იმისთვის, რომ წერტილოვან დარტყმებზე მიყენებული შედეგები ავანაზღაუროთ რაღაცა ფორმით,“-განაცხადა ჭარაიამ.