ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, პირბადის მოხმარების თვალსაზრისით ადმინისტრაციული კონტროლი კიდევ უფრო გააქტიურდება.
როგორც ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ასევე განიხილება მობილობის შემცირებისკენ მიმართული დამატებითი შეზღუდვები. მაგალითად, გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები სავაჭრო ობიექტებისთვის კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში, ან მათი საათების რეგულირება.
„ყველაზე ეფექტურ საშუალებად კვლავ რჩება პირბადე და სოციალური დისტანცია, უკვე დაწესებულია რეგულაცია, რომლის ფარგლებშიც გარეთაც სავალდებულოა პირბადის მოხმარება. ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო გააქტიურდება ადმინისტრაციული კონტროლი იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ პირბადის მოხმარების ისეთ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემის შენელებას.
რაც შეეხება სხვა ტიპის შეზღუდვებს, მეორე ყველაზე ქმედითი ზომა არის მობილობის შემცირება. სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები. ეს ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში სავაჭრო ობიექტებისთვის, ან მათი საათების რეგულირება. ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო მიმართავს და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომელიც იქნება ქმედითი და ნაკლებად დააზიანებს ჩვენს სექტორს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.