ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
მისივე განმარტებით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციები ვირუსის გავრცელების წყარო იყო.
„ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში საარჩევნო და მის შემდეგ. მე არ ვგულისხმობ აქ არჩევნების დღეს. მე ვგულისხმობ, იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს და აქციებს, რომლებიც კი არ მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს პირბადის გამოყენებისკენ, პირიქით მოუწოდებდნენ დაუმორჩილებლობისკენ. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და ვხედავთ ასეთ აქციებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არავითარი წესების დაცვა არ ხდება და მოწოდებებია, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს რიცხვებში. ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რაც დღეისთვის გვაქვს. პოლიტიკური პროცესი არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, შესაბამისად, ვერ შევაჩერებდით კონსტიტუციურად დადგენილ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესს. აქედან გამომდინარე, შეზღუდვებზე მსჯელობა ვერ მოხდებოდა იმ პერიოდში, როცა ასეთი აქციები გვქონდა ქუჩებში. მთავრობა არ აგვიანებს ამაზე მსჯელობას, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ბიზნესთან კომუნიკაციის გზით, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.