ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas-ის დირექტორი ალან ჯოისი აცხადებს, რომ საერთაშორისო მგზავრებს უახლოეს მომავალში კორონავირუსის ვაქცინაციის ცნობა დასჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითმფრინავის ბორტზე არ დაიშვებიან. დირექტორის თქმით, აღნიშნული ცვლილება მაშინ შევა ძალაში, როდესაც ვაქცინაცია მსოფლიოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი. ჯოისმა რამდენიმე დღის წინ ასევე განაცხადა, რომ ავიაკომპანიამ კორონავირუსის პანდემიის გამო წელს 2 მილიარდზე მეტი ზარალი ნახა, რაც კომპანიისთვის არსებობის 100 წლის მანძილზე ყველაზე მძიმე და კრიზისული მდგომარეობაა.
ავსტრალიამ უცხოელებისთვის საზღვრები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაკეტა. ამ დროისათვის ქვეყანაში ჩასული თითოეული უცხოელი ვალდებულია 14 დღით იზოლაციაში გადავიდეს.