ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად ახალი პლატფორმა „კოვაიდერი“ შეიქმნა

ექიმის კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, „ერთიანობის“ შემქმნელებმა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად ახალი პლატფორმა „კოვაიდერი“ შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პლატფორმა „კოვაიდერი“ ყველა კოვიდინფიცირებულს შესაძლებლობას მისცემს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სრული ინფორმაცია, როგორც ვირუსის შესახებ, ასევე რჩევები და რეკომენდაციები მიიღონ.

"ყველა კითხვაზე, რომელიც გაუჩნდება მომხმარებელს, ის პასუხს მათთვის ცნობილ ექიმისგან- ბიძინა კულუმბეგოვისგან მიიღებს.

იმისთვის, რომ ინფიცირებულებმა რთული პერიოდი მარტივად გადაიტანონ, უნდა მოძებნონ „ფეისბუქში“ გვერდი „კოვაიდერი“ და მესენჯერის საშუალებით მიჰყვნენ მოცემულ ბმულს: თუ რას აკეთებთ სიმპტომების შემთხვევაში; რა დროს უნდა გავიკეთოთ COVID-19-ის ტესტირება; სად ხდება PCR ტესტირება; როგორია თვითიზოლაციის წესები; რეკომენდაციები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ "კოვაიდერი“ ინფიცირებულებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს.

„ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეპიდსიტუაციამ დაგვანახა, რომ ექიმებზე მოთხოვნა და სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გამოწვევაა. ამიტომ პლატფორმა „ერთიანობის“ შემქმნელებმა მივიღეთ გადაწყვეტილება კიდევ ერთი ახალი პლატფორმა „კოვაიდერი“ შეგვექმნა, რომელიც ინფიცირებულებს შეუმსუბუქებს მდგომარეობას. იმისთვის, რომ მომხმარებელს ჰქონოდა სანდო და ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ამ პროცესში ჩართულობა ექიმ ბიძინა კულუბმეგოვს ვთხოვეთ. უმრავლეს შემთხვევაში ვირუსს სახლის პირობებში ვებრძვით და სწორედ ეს პლატფორმა დაეხმარება ინფიცირებულებს, თუ როგორ უნდა წარმართონ სწორად ვირუსთან ბრძოლა. ამ პლატფორმის საშუალებით ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ექიმის კონსულტაცია, რათა არსებულ ეპიდსიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის და უფრო მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვეყოლება,“ - განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ.