მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა, 4.3%-ით შემცირდეს

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.3%-ით შემცირდება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეკონომიკის შემცირების მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური აქტივობის შემცირებაა.

ამასთან, პროგნოზი რამდენიმე მნიშვნელოვან დაშვებას ემყარება. მათ შორისაა, ტურიზმის მოცულობის 95%-ით შემცირება, ასევე კერძო ინვესტიციების შემცირება. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მსოფლიო მასშტაბითი ღირებულებათა ჯაჭვის რღვევაც, რის გამოც ამა თუ იმ საქონლის მიწოდება შეზღუდული იქნება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყანაში ექსპორტი უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე იმპორტი. არადა უნდა აღინიშნოს, რომ გასული თვეების განმავლობაში იმპორტის მოცულობა ექსპორტის მოცულობაზე მეტად მცირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5%-ით შემცირდა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე