ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„არ შეგვეძლო მკაცრი შეზღუდვები დაგვეწესებინა და შიდა ტურიზმის განვითარება არ დაგვეშვა, ჩვენ ვმოქმედებდით და დღემდე სწორად ვმოქმედებთ"

ჩვენ არ შეგვეძლო მკაცრი შეზღუდვები დაგვეწესებინა და თუნდაც შიდა ტურიზმის განვითარება არ დაგვეშვა - ჩვენ ვმოქმედებდით სწორად და დღემდე სწორად ვმოქმედებთ, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა კითხვას, ხომ არ იყო შეცდომა, როცა ტურისტული სეზონის პერიოდში ნაწილობრივ მაინც არ მოხდა შეზღუდვების დაწესება.

ცქიტიშვილმა ამ კონტექსტში ისიც განაცხადა, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობოდა წესების დაცვას და თითოეულ ტურისტულ ობიექტს მკაცრი რეგულაციები ჰქონდა.

“როდესაც პანდემიაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვცდილობდით ეკონომიკისა და ეპიდემიის მართვას შორის ბალანსი დაგვეცვა. თუნდაც გაზაფხულზე, როცა ბევრად უფრო სისტემური და მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, მაშინაც კი, ბევრი ისეთი სფერო არ გაგვიჩერებია, რომელსაც ეკონომიკის განვითარებში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. მაშინაც ვეცადეთ, არ შეგვეჩერებინა მაგალითად, სამშენებლო აქტივობა, რაც არა მხოლოდ ეკონომიკისთვის იყო მნიშვნელოვანი, არამედ ამ სფეროში დასაქმებული სოციალური შეჭირვებული ადამიანებისთვის. ამ სტრატეგიით პანდემიის პირველივე დღეებიდან ვმოქმედებდით. შესაბამისად, ზაფხულშიც, როცა ტურისტული სექტორი ყველაზე თვალსაჩინოდ და სერიოზულად დაზიანდა პანდემიის დროს და როცა ტურისტული სექტორი ჩვენი ეკონომიკის 18%-მდე ქმნის, მასში დასაქმებულია ასეულობით ათასი ადამიანი, რასაკვირველია, როცა ბალანსზე ვსაუბრობთ, არ შეგვეძლო მკაცრი შეზღუდვები დაგვეწესებინა და არ დაგვეშვა თუნდაც შიდა ტურიზმის განვითარება. ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო აჭარის, გურიის და სხვა რეგიონების მოსახლეობისათვის ტურისტული სეზონის დაწყება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა აქვე დასძინა, რომ როცა სექტემბერში აჭარაში, კახეთში, სვანეთში ადგილი ჰქონდა ეპიდემიის ზრდას, საჭირო წერტილოვანი ღონისძიებები მაშინვე გატარდა.