დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებლია, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები გამკაცრდეს და დაემატოს წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება მკაცრი მასშტაბით.
გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებებს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს.
„აუცილებელია, რომ ჩვენ გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციების და დავამატოთ და გავაფართოვოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო. დღესაც ბევრი მსჯელობა იყო ამაზე. ვფიქრობ, გაგრძელდება ხვალაც და უახლოეს ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.