ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდაპლიკაციის მუშაობა ეფექტური მაშინ იქნება, როდესაც მოსახლეობის 40% მას ყოველდღიურად გამოიყენებს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კოვიდაპლიკაციის ეფექტური მუშაობა მოსახლეობაზეა დამოკიდებული.
„მაშინ როდესაც აზიის და ევროპის ქვეყნები კოვიდაპლიკაციას წარმატებულად იყენებენ, ჩვენი მოსახლეობის აქტივობა არ არის მაღალი. ის პროდუქტიული მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 40% მაინც, ყოველდღიურად გამოიყენებს ინტერესების დასაცავად“,-განაცხადა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძემ, რობოტ “პეპერზეც” ისაუბრა, რომელიც საზოგადოებას 18 ივნისს წარუდგინა და განაცხადა, რომ „პეპერი“ მედიკოსებს სამედიცინო დაწესებულებებში ასისტენტობას გაუწევდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რობოტი „პეპერი“ ტელემედიცინის სიმბოლოა, რომელიც ჩართული იქნება პაციენტების მკურნალობის კომპონენტში.
„რაც შეეხებს რობოტ “პეპერს”, პრეზენტაციის დღესაც აღნიშნული იყო, რომ რობოტი „პეპერი“ არის ციფრული ტექნოლოგიის და ტელემედიცინის სიმბოლო და კოვიდის პერიოდში ჩვენ ონლაინ კლინიკის ფარგლებში, ტელემედიცინის კომპონენტებს ვიყენებთ. ეს არ გულისხმობდა, რომ რობოტ „პეპერს“ დღეის მდგომარეობით საქართველოს რომელიმე კლინიკაში დაინახავდით. ჩვენ ვგულისხმობდით, რომ რობოტი „პეპერი“ როგორც ტელემედიცინის სიმბოლო, ჩართული იქნება პაციენტების მკურნალობის კომპონენტში, რაც დღეს ფუნქციონირებს“,-განაცხადა მინისტრმა.