ერთი სახის პროდუქტში უნდა გადაგვეხადა 1 000 ლარი, მაგრამ ეს ყველაფერი არააა - რატომ ვერ შევიდა „ჩირჩხელა“ ქსელურ სუპერმარკეტებში

პანდემიის გამო ტურისტულ ადგილებში სავაჭრო წერტილების გაუქმების შემდეგ, „ჩირჩხელამ“ პროდუქტის სუპერმარკეტების ქსელში შეტანა გადაწყვიტა.

თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ირმა კვაჭანტირაძე ,,ბიზნესპრესნიუთან“ აცხადებს, იმდენად კაბალური პირობები ჰქონდათ, რომ საბოლოოდ თანამშრომლობა ვერ შედგა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესმა განვითარება შეძლოს, თუ ამ კუთხით საშეღავათო პირობები არ იქნება. ირმა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ამისათვის მოლაპარაკებებს სახელმწიფო სტრუქტურებთანაც ახორციელებდა, თუმცა უშედეგოდ.

,,პანდემიის პირველ ეტაპზე, როცა ტურისტულ ზონებში სტენდები ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა და სრულად ახალ რეალობაში აღმოვჩნდით, გადავწყვიტეთ გვეცადა ქსელურ მარკეტებში შესვლა, მაგრამ იმდენად კაბალური და აბსურდული პირობებია, ეს ვერ მოხერხდა. ნამდვილად მაქვს უნარი, რომ მოვერგო ახალ რეალობას და გადავეწყო, თუმცა ისეთი პირობები დაგვხვდა ქსელურ მარკეტებში, რომ ეს უბრალოდ ვერ მოვახერხეთ.

ერთი სახის პროდუქტის შეტანისთვის უნდა გადაგვეხადა 1 000 ლარი, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ამ თანხაში არ შედის სხვა გადასახადები, არც ქეშბექი და პლიუს, პროდუქცია თუ ვერ იყიდება, უკან უნდა დაიბრუნო. ერთი სახის პროდუქცია რომ გვქონდეს, არ იქნებოდა პრობლემა ან თუნდაც 5, მაგრამ როცა 20 სახეობაზეა საუბარი შეუძლებელია რამდენიმე ქსელში შეტანის თანხის მობილიზება შეძლოს ადგილობრივმა მცირე წარმოებამ. მითუმეტეს, როცა ფორსმაჟორი და პანდემიაა. ამას ემატება ის, რომ თუ სტენდს არ დადგამ, შეიძლება შენი პროდუქცია ისე დადონ დახლზე, უბრალოდ არ იყოს შესამჩნევი მომხმარებლისათვის. სტენდს, რა თქმა უნდა, ცალკე ფასი აქვს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პრობლემა, ეს ეხება ყველა მცირე და საშუალო ზომის წარმოებას და ბიზნესს, რომელიც ქვეყანაშია.

სახელმწიფოსაც ვთხოვეთ დახმარება, რომ ადგილობრივი პროდუქციისათვის იყოს საშეღავათო პირობები, მით უფრო მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, თუმცა არც ეს მოხერხდა და მერწმუნეთ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. პირადად მქონდა მოლაპარაკება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, რომლსაც ნამდვილად ჰქონდა დახმარების მცდელობა და მოლაპარაკებები, თუმცა აბსოლუტურად უშედეგოდ. ვინმეს თუ უნდა, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს, რომელიც მხოლოდ საკუთარ მოგებას კი არ იღებს, ადამიანებს ასაქმებს და ბიუჯეტში შეაქვს თანხა, პირველ რიგში აქედან უნდა დაიწყოს ჩვენი დახმარება“, - განაცხადა ირმა კვაჭანტირაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისათვის, „ჩირჩხელა“ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. ამ ეტაპზე „ჩირჩხელას“ ბრენდით 25-მდე სახეობის ჩირი, 10-მდე სახეობის ტყლაპი და 7 სახეობის ჩურჩხელა იყიდება, მათ შორის ტროპიკული ხილის და ბოსტნეულის. პროდუქცია განთავსებულია, სხვადასხვა ღვინის, ყველის და ქართული პროდუქციის მაღაზიაში.

თამარ მუკბანიანი