,,ენგურჰესის“ რებილიტაცია 15-20 იანვრიდან დაიწყება - რამდენი ხნით გაჩერდება საქართველოს ყველაზე დიდი ჰესი

,,ენგურჰესის“ რებილიტაცია 15-20 იანვრიდან დაიწყება.

შესაბამისად, სწორედ იმ პერიოდიდან მოხდება ჰესის სრულად გაჩერება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა, რეაბილიტაცია 95-100 დღე გაგრძელდება, ფუნქციონირების განახლების ბოლო ვადა კი 10 მაისია.

„ენგურჰესის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრის შუა რიცხვებიდან, 15-20 იანვრიდან, რის გამოც ჰესი წესით, 95-100 დღით გაჩერდება. გაჩერების კონკრეტული მიზეზი, სადერივაციო გვირაბის რემონტია, სადაც ზუსტად არ ვიცით, რა მდგომარეობა დაგვხვდება, რადგან სამუშაოები სამი წლის წინ დაწყებული პროექტის მიხედვით უნდა წარიმართოს. დანარჩენ ობიექტებზე, რებილიტაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს, თუმცა გვირაბის ზონა მოითხოვს ჰესის სრულ გაჩერებას. გვირაბი წყლისგან უნდა დაიცალოს, რომ იქ სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი გახდეს.

ჰესი გაჩერდება 95-100 დღით, ანუ ფუნქციონირებას აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში აღადგენს. გაუთვალისიწინებელი მომენტების შემთხვევაშიც კი, ჰესის მუშაობის აღდგენა10 მაისს არ უნდა გადასცდეს, ეს არის მაქსიმალური ვადა“,- უთხრა მებონიამ ,,ბიზნესპრესნიუსს“

ცნობისათვის, "ენგურჰესი" საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის დაახლოებით, 30%-ს შეადგენს. კერძოდ, 2019 წელს ქვეყანაში სულ იწარმოა 11856.8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, სადაც „ენგურჰესის“ წილმა 28,1% შეადგინა, ანუ მთლიანად შარშან ჰესმა 3341.3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოა. აღსანიშნავია, რომ „ენგურჰესიდან“ მარაგდება დე ფაქტო აფხაზეთი, ჰესის მიერ წარმოებული დენის დაახლოებით 40% ოკუპირებულ ტერიტორიას მიეწოდება.

შეგახსენებთ, რომ "ენგურჰესის" გვირაბის რეაბილიტაცია სამჯერ გადაიდო. თავდაპირველად სამუშაოები - 2018 წელს, შემდეგ კი 2019 წელს, ბოლოს კი 2020 წლის მარტიდან უნდა დაწყებულიყო. თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო სამჯერვე გადაიდო.

თამარ მუკბანიანი