საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებაზე მსჯელობა, ბიზნესსექტორის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში მიიღება.
"მთავრობის მიზანია, ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალებში არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომელიც კლინიკური სექტორის ეფექტური მართვის მიზნით ხორციელდება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც ეს პირველ რიგში სჭირდება. ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრისას განაცხადა, რომ კოვიდ-სასტუმროებში გაძლიერებულია თერაპიული კომპონენტები, მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორებით აღჭურვის თვალსაზრისით და მათ მართავენ კონკრეტული კლინიკები საკუთარი მედპერსონალის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების უფრო მარტივ წვდომას საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე. მსუბუქი შემთხვევები კი მკურნალობას ბინაზე, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით განაგრძობენ. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს დამატებით რეანიმაციული და ინტენსიური საწოლების მობილიზების კუთხით.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში შედის და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთული, თუმცა მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.
ამასთან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რისი კონტროლიც შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრდება.
საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მომზადებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 111 818 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 92 215 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1051 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2102 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3739 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6192 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.