ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაადასტურა, რომ ქვეყნის მთავრობა, 2030 წლიდან შიდაწვისძრავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვას აკრძალავს. მისივე თქმით, ეს აკრძალვა არის ნაწილი იმ დიდი გეგმისა, რომლის შესაბამისადაც, ბრიტანეთი 2050 წლამდე კარბონ ნეიტრალური ქვეყანა უნდა გახდეს.
Financial Times-თან საუბრისას, ჯონსონი ამბობს, რომ მთავრობა ქვეყანაში დასამუხტი წერტილების ფართო ქსელის შექმნას, 2.8 მილიარდ სტერლინგს (დაახლოებით 3.7 მილიარდ დოლარს) მოახმარს. გარდა ამისა, შეიქმნება მძლავრი ქარხნები, სადაც დიდი ტევადობის ელემენტებს და მათ ბლოკებს გამოუშვებენ. ეს ყველაფერი ქვეყანას იმის საშუალებას მისცემს, რომ 2030 წლიდან შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალოს.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შიდაწვის ძრავების ავტომობილებში გამოყენება შეწყდება. ასეთი ძრავები, ჰიბრიდული აგრეგატების ნაწილად დარჩება. ასეთი ავტომობილები, გამონაბოლქვის გარეშე მნიშვნელოვანი მანძილის გავლას შეძლებენ და შიდაწვის ძრავებს, ძირითადად სვლის სიშორის გასაზრდელად გამოიყენებენ. ასეთი ჰიბრიდები ბაზარზე 2035 წლამდე დარჩება.
პარალელურად, მთავრობა მყიდველთა მიერ, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების შესყიდვის სუბსიდირებას გააგრძელებს. დაახლოებით 500 მილიონი სტერლინგი დაიხარჯება იმისთვის, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში, ქვეყანაში ელემენტების წარმოება გაიზარდოს.
საფრანგეთი შიდაწვისძრავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვას 2040 წლიდან აკრძალავს, ნორვეგიაში კი იგივე აკრძალვა 2025 წლიდან ამოქმედდება. გერმანიას ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ 7მიუღია. სავარაუდოდ, ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკა, მის საზღვრებში შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვას 2030 წლიდან აკრძალავს.