ჯანმოს კომისიის ქართველი წევრი - ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელია, რათა ჩვენმა სუსტმა ჯანდაცვის სისტემამ ცოტა ამოისუნთქოს

ციფრები ნამდვილად საგანგაშოა - თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ კი არა, ნებისმიერი კარგად განვითარებული ჯანდაცვის სისტემის ქვეყნები ვერ გაუძლებენ ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომისიის ქართველმა წევრმა ზაზა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, სადაც ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.

ზაზა წერეთლის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იმაზე მეტია, ვიდრე ამას ჩატარებული ტესტები აჩვენებს.

როგორც ის აღნიშნავს, ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ უნდა მომზადებულიყო, როდესაც ინფიცირების შემთხვევებმა იკლო.

„ ციფრები ნამდვილად საგანგაშოა. საგანგაშოა ზრდის ტემპი, რომელიც შეინიშნება ბოლო 10 დღის განმავლობაში. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ რამდენი ტესტი ტარდება და აქედან რამდენი არის დადებითი, ეს მიუთითებს, რომ შემთხვევების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს რეალურად დგინდება. აქამდე იმან მიგვიყვანა რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილის, ალბათ, ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ეს ვირუსი არსებობს, ამიტომ არ იღებს დამცავ რეკომენდაციებს, მეორე, ჯანდაცვის სისტემამაც შეიძლება არ გამოიყენა ის 3-4 თვე, როდესაც ცოტა შემთხვევები იყო და არ მოემზადა სათანადოდ.

როდესაც 3-4 თვე შემთხვევების მცირე რაოდენობა იყო, რეგიონები უნდა მომზადებულიყვნენ განსაკუთრებით აჭარა. ყველამ იცოდა, რომ სექტემბერში დიდი რაოდენობით მოსახლეობა წავიდოდა ზღვაზე. ალბათ, ეს რეგიონი კარგად უნდა მომზადებულიყო, ცხადი იყო, რომ იქ ბევრი ადამიანი ჩავიდოდა, შემთხვევების რაოდენობა მეტი იქნებოდა და შესაბამისად, ლაბორატორიული და რეფერალური სისტემა მომზადებული უნდა ყოფილიყო“,- განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ამასთან, ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრება, კერძოდ, ბევრი ადამიანის თავშეყრის აკრძალვა.

მისივე თქმით, შეიძლება, შაბათ-კვირას დაიხუროს ისეთი მაღაზიები, რომელიც აუცილებლობას არ წარმოადგენს.

„ ჩაკეტვა ძალიან ძნელი იქნება, ალბათ, ეს არ მოხდება, მაგრამ, ღონისძიებების გამკაცრების აუცილებლობას მე ნამდვილად ვხედავ. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენმა სუსტმა ჯანდაცვის სისტემამ ცოტა ამოისუნთქოს. მეორე, მოსახლეობაც უნდა მიხვდეს, რომ უფრო სერიოზულად მიიტანოს ეს სიტუაცია. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ კი არა, ნებისმიერი კარგად განვითარებული ჯანდაცვის სისტემის ქვეყნები ვერ გაუძლებენ ამას“, - ამბობს წერეთელი.

ზაზა წერეთელმა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, სადაც ის ამბობს რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 15%-მდე უნდა შემცირდეს. ზაზა წერეთლის თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში განუვითარებელი პირველადი ჯანდაცვის სისტემაა ბინაზე მყოფი პაციენტების მოვლა ძნელია.

„ცხადია, ვისი ჰოსპიტალიზაციაც არ არის საჭირო, უნდა დარჩეს სახლში. უბრალოდ, აქ ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს აქვს ძალიან განუვითარებელი პირველადი ჯანდაცვის სისტემა. როდესაც განუვითარებელი პირველადი ჯანდაცვის სიტემა გაქვს იმ მოსახლეობის მოვლა, რომელიც სახლში რჩება, ცოტა ძნელია, იმიტომ რომ არ გყავს საკმარისი რაოდენობა პირველადი ჯანდაცვის ექიმების, რომელიც მათ მიხედავს. ეს არის პრობლემა. არამარტო ჰოსპიტალურ სექტორზე უნდა იყოს საუბარი, საუბარი უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებაზეც“,-აცხადებს წერეთელი.

რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის მესამე ტალღის შესახებ გაფრთხილებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომისიის ქართველი წევრი აცხადებს რომ რთულია პროგნოზირება, თუ როგორი იქნება ევროპაში მესამე ტალღის მიმდინარეობა. პანდემიების ისტორია კი აჩვენებს, რომ მეორე ტალღა ყველაზე ძლიერი იყო, ვიდრე მესამე.

„როგორი იქნება მესამე ტალღა, ცოტა ძნელი სათქმელია. აქ ორი ფაქტორი იმუშავებს. ერთი, თუ ვაქცინა გამოჩნდა და დაიწყო მოსახლეობის რაღაც რაოდენობის აცრა, იმუნური ფენა იქნება შექმნილი მოსახლეობაში და მესამე ტალღა იქნება უფრო სუსტი, ვიდრე მეორე. თუმცა მეორე მომენტიც არის, შეიძლება ამ ვირუსმა განიცადოს მუტაცია. თუ ისეთი მუტაცია განიცადა, რომ უფრო ახალგაზრდა ასაკის დაემართა ან უფრო გართულდა სიტუაცია, მაშინ შეიძლება იყოს უფრო ძლიერი. ისტორია, რასაც გვაჩვენებს, სულ 10 პანდემია იყო, რომელსაც მეორე ტალღა ჰქონდა, მეორე ტალღა ყველაზე ძლიერი იყო, მესამე კი თითქმის არ ყოფილა “,-აცხადებს წერეთელი.