სახლში მომსახურების პრაქტიკამ სალონების ნაწილი სტილისტების გარეშე დატოვა - პანდემიის შედეგი ბიზნესზე

ლოკდაუნის შემდეგ გახსნილი სილამაზის სალონების ნაწილი დაიხურა, რისი მიზეზიც სახლში მომსახურების მიღება გახდა.

ამის შესახებ სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა თამარ შარაშენიემ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში, ,,პოლიტნიუსი“ ისაუბრა. მისი თქმით, სრული ლოქდაუნის შემთხვევაში, სიტუაცია უფრო უკონტროლო გახდება და სახლში სიარულს მასიური სახე მიეცემა.

„პირველი ლოქდაუნის დროს სოციალურ ქსელში ძალიან აქტუალური რეკლამები წავიდა სახლებში ვიზიტებზე და მომსახურებაზე. ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი დარჩა და არ დაბრუნდა სალონში, საუბარია როგორც მომხმარებელზე, ასევე დასაქმებულზე. არ დაბრუნდა სპეციალისტი, სტილისტი იმიტომ, რომ მთლიანი თანხა, რაც მომხმარებელმა გადაუხადა, ჯიბეში ჩაიდო და სალონს არ გაუყო, ანუ ასეთ შემთხვევაში ბიზნესი უკან და უკან წავიდა.

როდესაც სოციალურ ქსელში სალონების ასოციაციის გვერდზე ჩავატარეთ გამოკითხვა, რამდენი სალონი დაიხურა და რა იყო მიზეზი, 80%-მა გასცა კითხვას პასუხი, რომ ჩვენი სპეციალისტები სახლებში დადიოდნენ, მომხმარებელი აღარ მოდიოდა და იძულებულები გახდნენ, დაეხურათ სალონები. 80% ძალიან მაღალი რიცხვია იმისთვის, რომ დახურვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახლებში სიარულის თემა ჩავთვალოთ.

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროსთან, მივმართეთ თხოვნით, რომ ბინაზე მომსახურების რეგულაციები შემოიღონ. ამით ავიცილებთ თავიდან ინფექციის უკონტროლო გავრცელებას და შესაბამისად, ბიზნესის შემოსავლებს შევუწყოთ ხელი. თუმცა გვპასუხობენ, რომ ამ ეტაპზე მათ უფრო სერიოზული პრობლემები აქვთ გადასაწყვეტი და ამისთვის არ სცალიათ“, - განაცხადა თამარ შარაშენიძემ.