2020 წლის მე-4 კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 18.7 პუნქტით შემცირდა და -28.6-ს გაუტოლდა წინა კვარტალში საგრძნობი გაუმჯობესების შემდეგ.
ამის შესახებ „აისეტის კვლევითი ინსტიტუტი“ ავრცელებს ანგარიშს.
მათივე ცნობით, ბიზნესის განწყობა გაუარესდა ყველა სექტორში, ვაჭრობისა და საფინანსო სექტორის გარდა. ყველაზე დიდი შემცირება სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება 2020 წლის მე-4 კვარტლისთვის მნიშვნელოვნად პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა.
„მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, 2020 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით მხოლოდ 0.2 პუნქტით გაიზარდა და 2020 წლის მე-4 კვარტლისთვის -40.4-ს მიაღწია. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 2020 წლის მე-3 კვარტლის გაუმჯობესების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა და ახალ ისტორიულ მინიმუმს, -41.7 პუნქტს მიაღწია. 2020 წლის მე-4 კვარტლისთვის მოლოდინების გაუარესება ყველა ეკონომიკურ სექტორში დაფიქსირდა, გარდა ვაჭრობისა.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი გაიზარდა და 2.7 პუნქტს მიაღწია. ეს მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ ბიზნესების უფრო დიდი წილი ვარაუდობს ფასების გაზრდას საკუთარ პროდუქტზე. ფასების შემცირებას მხოლოდ მომსახურების და სოფლის მეურნეობის სექტორებში ელოდებიან.
2020 წლის მე-4 კვარტლისთვის მოთხოვნისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიმცირე ბიზნეს საქმიანობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორებად იქცა, განსაკუთრებით დიდი კომპანიებისთვის, რაც, "სხვა" ფაქტორების წილის ზრდასთან ერთად, შესაძლოა ასახავდეს COVID-19-ის შემგომი ბიზნეს გარემოს მდგომარეობას,“-ნათქვამია ანგარიშში.