ბრუნვა შესაძლოა, 50-60%-ით შეგვიმცირდეს - „რითეილ გრუპ ჯორჯია“ მოსალოდნელი შეზღუდვების შედეგებზე

„ბიზნესი ისედაც მძიმე ვითარებაშია, შესაბამისად, რაც ნაკლები იქნება შეზღუდვა, მით უკეთესი“,- ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ეპიდ- ვითარების გათვალისწინებით, სავაჭრო ობიექტებისთვის შეზღუდვები მაინც გარდაუვალი იქნება, მთავარია, საათებისა და სავაჭრო დღეების შემცირება ერთობლივად არ მოხდეს, რადგან ერთი მეორეს გარკვეულწილად აკომპენსირებს.

შეგახსნეებთ, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს 23 ნოემბერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, ბიზნესსა და ეკონომიკაზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების გზით, შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება და ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებები განიხილეს.

როგორც მოგვიანებით, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განმარტა, განიხილება მობილობის შემცირებისკენ მიმართული დამატებითი შეზღუდვები. მაგალითად ისეთი, როგორიც არის, წერტილოვანი შეზღუდვები სავაჭრო ობიექტებისთვის კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში, ან მათი საათების რეგულირება.

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი: „ჩვენთვის მთავარია, რომ საათობრივი და დღეების შეზღუდვა ერთობლივად არ მოხდეს, რადგან ერთი მეორეს გარკვეულწილად აკომპენსირებს. თუ შევზღუდავთ საათებს, ეს ნიშნავს, რომ სამსახურის შემდეგ მოსახლეობა ვერ შეძლებს შოპინგს და ამას გადაიტანს „ვიქენდისთვის“. ხოლო თუ შაბათ-კვირასაც შევზღუდავთ, გამოდის, რომ მომხმარებელი ობიექტებში ფაქტობრივად, ვეღარ მოვა და თუ დღეს, ბრუნვა 35-40%-ით გვაქვს შემცირებული, დაახლოებით, 50-60%-მდე შემცირდება. რამაც უკვე შესაძლოა, ეკონომიკურად გაუმართელებლი გახადოს ჩვენი სექტორის ფუნქციონირება ამ პერიოდში“.

როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, თუ შეზღუდვების ნაწილში არჩევანზე მიდგება საქმე, უმჯებესია სამუშაო საათები შემცირდეს, ხოლო შაბათ-კვირას ობიექტებს ვაჭრობის უფლება მიეცეს.

„ეპიდემიოლოგიურ დარგში ექსპერტები არ ვართ, თუ რა იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. ბიზნესი ისედაც მძიმე ვითარებაშია, შესაბამისად, რაც ნაკლები იქნება შეზღუდვა, მით უკეთესი. თუმცა, თუ ამ ორი ვარიანტიდან იქნება ასარჩევი, ვისურვებდი, რომ შაბათ-კვირას მოგვეცეს ვაჭრობის საშუალება, ხოლო სამუშაო დღეებში იყოს საათობრივი შეზრუდვა. ამასთან, თუ მობილობა არის პრობლემა და მისი შემცირებაა დაგეგმილი, ალბათ, შაბათ-კვირას მობილობა უფრო ნაკლებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ეს მობილობა გადმოინაცვლებდა სავაჭრო ცენტრებში. შუალედურ ვარიანტად ამას უფრო ვხედავ“,- აცხადებს რეზო მაღალაშვილი.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისითვის შეღავათების დაწესებას, „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი ამბობს, რომ დღგ-ს ნაწილში ცალსახად არ იქნება, თუმცა არის მზაობა, რომ საშემოსავლო გადასახადის მიმართულებით ისევ გაგრძელდეს.

„შეღავათებზე საუბარი იყო. სამწუხაროდ, დღგ-ს ნაწილში შეღავათებს ცალსახად არ უნდა ველოდოთ. არადა, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა. თუმცა არის მზაობა, რომ სხვა მიმართულებით მოხდეს ჩვენი დახმარება. კერძოდ, როგორც წინა ლოქდაუნის დროს იყო საშემოსავლო ნაწილში შეღავათები, რაღაც მსგავსზე არის საუბარი. ველოდებით, უფრო კონკრეტულად რა იქნება“,-ამბობს რეზო მაღალაშვილი.

ცნობისთვის, „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.

ნინი ქეთელაური