ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის, ახალ შემზღუდავ წესებზე კონსულტაციების ერთ-ერთი მონაწილე,,,ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი ამბობს, რომ დეკემბერში სრული დაკეტვა არ მოხდება, იქნება მხოლოდ შეზღუდვები - ამის შესახებ თიკო ლომინაძემ, ,,რადიოპალიტრასა“ და პალიტრანიუსის გადაცემაში ,,საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, ჯერ ისევ არ არის ცნობილი, წინასაახალწლოდ როდიდან და რა წესებით გააგრძელებს მუშაობს რითეილ სექტორი.
,,ახლა, ხელისუფლებასთან კონსულტაციები მიმდინარეობს იმისათვის, რომ ვიპოვოთ ოქროს შუალედი. ალბათ, ბევრი სხვა ბიზნესისთვისაც, მაგრამ კონკრეტულად რითეილისთვის დეკემბერი არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვე, თუ ამ თვეში მოხდა ტოტალური ლოქდაუნი და არ მოგვეცა მუშაობის საშუალება, შესაძლოა, ბევრი ბიზნესი მივიდეს გაკოტრების ზღვარზე.
მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე შუალედური გამოსავალი ნაპოვნია. არ იქნება ტოტალური დაკეტვა დეკემბერში და იქნება შეზღუდვები. ახლა უნდა შევჯერდეთ ისეთ წესებზე, რომელიც მოგვცემს ოპერირების საშუალებას. სამუშაო შეხვედრაზე განიხილებოდა ევროპული საუკეთესო გამოცდილებების ვარიანტები, ერთ-ერთი შაბათ-კვირის ლოქდაუნია, რომელიც ჩვენი მოლისთვის იქნება ძალიან მძიმე და მთლიანად დაკეტვის ტოლფასი. ასევე ერთ-ერთი ვერსიაა, გადაადგილების შეზღუდვის გადმოწევა 10-დან 8-საათამდე.
ჩვენი მოსაზრება კი შემდეგია, რომ მოლები არის ყველაზე კარგად ორგანიზებული სავაჭრო სივრცეები, სადაც ხდება ყველა რეკომენდაციის დაცვა, რაც ამ ეტაპზე არსებობს. ჩვენ ვთვლიდით და გავაჟღერეთ, რომ საათების შეზღუდვა გამოიწვევს მეტ კონცენტრაციას სამუშაო საათებში, თუმცა ეპიდემილოგები ამბობენ, რომ ეს შეზღუდვა კვლევებით დადასტურდა, რომ მუშაობს. ამ ეტაპზე არ არსებობს არც სავარაუდო ვადები რამდენი ხნით იქნება შეზღუდვები და არც ის, რა შეიზღუდება კონკრეტულად. იმედი გვაქვს, დღეს ჩანიშნულ შეხვედრაზე ეს დეტალები გაირკვევა“- განაცხადა ,,ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა ,,საქმეში“.
ცნობისთვის, კერძო სექტორის წარმომდგენლებს ხელისუფლების შემდეგ დღეს უკვე ეპიდემიოლოგები შეხვდებიან.