ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების მიზნით დამატებით ზომებზე მსჯელობა მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების მიზნით დამატებით ზომებზე მსჯელობა მიმდინარეობს.

როგორც ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაცვის სამსახური ყველა კოვიდსასტუმროშია.

„დაცვის სამსახური არის ყველა სასტუმროში, თუმცა მსგავსი ინციდენტებისგან დაზღვეულები არ ვართ. ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენი სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და დამატებით ზომებზეც მიმდინარეობს მსჯელობა“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი პაციენტმა თვითდაზიანება მიიყენა.