ბრიტანეთის ხელისუფლება უმუშევრობის დასაძლევად 4,3 მილიარდს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს გამოყოს 4,3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი (5,7 მილიარდი დოლარი) მასობრივი უმუშევრობის წინააღდმეგ ბრძოლაში, რომლის რისკი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ უფრო გაიზარდა. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო მომსახურების შესახებ დოკუმენტში, რომელიც ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა დღეს პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

დოკუმენტის თანახმად, ამ თანხიდან 2,9 მილიარდი მოხმარდება სამწლიან პროგრამას Restart, რომელიც მიმართულია 1 მილიონი უმუშევრის დახმარებისკენ. ეს თანხა პირველ რიგში მიემართება მათკენ ვინც უკვე წელიწადზე მეტია უმუშევრადაა. დამატებით 1,4 მილიარდი გირვანქა კი დასაქმების სააგენტოს მოხმარდება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადამიანებს სამსახურის მოძიებაში.

როგორც გაზეთი The Times წერს, მიმდიანრე წელს 750 ათასმა ბრიტანელმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ხოლო მათი რიცხვი, ვინც უმუშევრადაა, უკვე 6 თვეზე მეტია შეადგენს 72 ათასს.

კოკა კვირკველია