ფინანსური გაკვეთილები - რა გვასწავლა COVID19- მა ფულის მართვის შესახებ

COVID19-ის მსოფლიო ბუმმა ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი ახალი ჩვევის გამომუშავებისკენ გვიბიძგა. მოხდა ღირებულებების გადაფასება და ასე განსაჯეთ, ფინასური გაკვეთილებიც ჩაგვიტარა.

აშკარა გახდა, რომ მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გამომუშავებულ ფულს სრულიად ბევრ უსარგებლო ნივთში თუ პროცედურაში ხარჯავდა. პანდემიის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა კაცობრიობა აიძულა ფულისთვის სხვა კუთხით შეეხედა.

რა გვასწავლა პანდემიამ?

”სტაბილურ” შემოსავალზე იმედების დამყარება არასტაბილურია

თუ ამ პანდემიამ რამე გვასწავლა, არის ის, რომ არცერთ სამსახურში არ ვართ 100% -ით დაცულნი. კრიზისმა გვაჩვენა, რომ უამრავი სახის ინვესტიციიდან მიღებული შემოსავალი შეიძლება მოულოდნელად შემცირდეს და მთლიანად გაქრეს კიდეც. უამრავი სამუშაო ადგილი დაიხურა და დასაქმებული, რომელსაც ეგონა, რომ ყველაზე სტაბილურ ადგილას მუშაობდა, მოულოდნელი რეალობის წინაშე დადგა - დაკარგა სამსახური.

ფული “შავი დღისთვის“ - საგანგებო ფონდი

ალბათ, ბავშვობიდან ბევრს გვსმენია უფროსი ბებიების და ბაბუებისგან რჩევა, რომ აუცილებელია ფული “შავი დღისთვის“ გადავინახოთ. პანდემიამ კიდევ ერთხელ გვასწავლა, რომ მართლაც აუცილებელია გვქონდეს “საგანგებო ფონდი“, რომელიც კრიზისის შოკისგან გამოგვათავისუფლებს. ფულის შენახვის უამრავი გზა არსებობს, შემნახველი ანაბარიდან დაწყებული, ყულაბაში ხურდების მოგროვებით დამთავრებული. ამ შემთხვევაში “საგანგებო ფონდისთვის“ მხოლოდ თქვენზე მორგებული პირობების მოძებნა გევალებათ.

ბიუჯეტის ეფექტური მართვა

კრიზისის პირობებში საოჯახო ბიუჯეტის კონტროლი მნიშვნელოვანია. ზუსტად იმის ცოდნა, თუ რა რაოდეობის ფული შემოდის და რამდენი გადის, ზედმეტ დანახარჯებს აგარიდებთ. არსებობს უამრავი აპლიკაცია, სადაც მარტივი ცხრილის გამოყენებით შეძლებთ ბიუჯეტის მართვას.

საფონდო ბირჟაზე ფულის განთავსება სარისკოა

წლების განმავლობაში მოტანილმა ფინასურმა მოგებამ ბევრ ინვესტორს უსაფრთხოების ცრუ განცდა გაუჩინა. შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ მათი საფონდო პორტფელის ღირებულება განუსაზღვრელი ვადით იზრდება. ბირჟაზე კი მილიონობით დოლარის ოდენობის თანხა განათავსეს. კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა მარტში მტკივნეულად შეგვახსენა, რომ საფონდო ბირჟა არამდგრადი ბაზარია. აქციების ფასი საგრძობლად დაეცა.

ინვესტიცია გრძელვადიანია

მარტში, COVID19 -ით ინფიცირებათა შემთხვევების მკვეთრი ვარდნის შემდეგ, საფონდო ბირჟა მეტნაკლებად გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ აქციებით “თამაში“ გრძელვადიანი ინვესტიციებია და არა მოკლევადიანი ფულის გამომუშავების საშუალება. ეს ყველაფერი მოთმინებას და რისკზე წასვლას ითხოვს. თუ დანაკარგების მისაღებად მზად ხართ და ამავდროულად, გრძელვადიან მოგებებზე ხართ ორიენტირებულნი, მაშინ ეს საქმე თქვენთვისაა.

აუცილებელია თქვენი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია

პანდემიამ შეგვახსენა, რომ ყველა ჩვენი ინვესტიციური “კვერცხი“ ერთ კალათში არ უნდა მოვათავსოთ. დივერსიფიკაცია, ანუ რისკის შემცირების მიზნით, სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტსა და სხვა აქტივებს შორის საინვესტიციო პორტფელის გადანაწილება აუცილებელია. თუ თქვენი ინვესტიციების ძირითადი ნაწილი ავიაკომპანიებშია, COVID19 თქვენი პორტფელის ღირებულებას უეჭველად შეამცირებს. რასაც ვერ ვიტყოდით ფარმაცევტულ მარაგებში გაწეულ ინვესტიციებზე.

პირველივე შანსის დროს გაანულეთ საკრედიტო ბარათი

კრიზისის დროს ყველაზე ნაკლებად რაც გჭირდებათ, საკრედიტო ბარათი და აღებული სესხია. სესხით სარგებლობისას, “სტაბილური“ ფინანსების დროს, საკრედიტო ბარათის განულება ხშირად გადაგვიდია. პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ ეს არასწორია.

ზოგიერთი პროვაიდერი გვთავაზობს საკრედიტო ლიმიტის გაზრდას, კორონავირუსის სხვა შემამსუბუქებელ ზომებს, მაგრამ ნებისმიერი დახმარება დროებითია და ხშირ შემთხვევაში პირობები ისე არის დალაგებული, რომ მოგებული, მხოლოდ სესხის გამცემი ორგანიზაცია რჩება.

სესხის კონსოლიდაცია გონივრულია

თუ ბევრი წვრილ-წვრილი სესხი გაქვთ, ნამდვილად გონივრული ნაბიჯი იქნება, თუ ერთ დიდ და ისეთ სესხს აიღებთ, რომლის პირობებიც თქვენთვის იქნება მისაღები. უფრო იაფი გარიგების შემთხვევაში, ყველა პატარა სესხს გადაფარავთ, რაც უამრავ დროს, ასევე ფინანსებს დაგიზოგავთ.

კრიზისის დროს მოერიდეთ ახალი ვალის აღებას

საპროცენტო განაკვეთები შეიძლება ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, მაგრამ პანდემიამ ისიც გვასწავლა, რომ კრიზისის შუა პერიოდში ახალი სესხის აღება საშიშია. როდესაც თქვენი ეკონომიკური პერსპექტივები გაურკვეველია, საკრედიტო ბარათზე ან სესხზე დარეგისტრირება და დამატებით თავის დატვირთვა საუკეთესო იდეა ნამდვილად არ არის.

“ფუფუნებაზე“ უარის თქმა არც ისე რთულია

სოციალური დისტანცირების საშუალებით, COVID-19 გვაიძულებს, უფრო მარტივი ცხოვრება ვისწავლოთ. ზოგიერთისთვის საყვარელ რესტორანზე უარის თქმა ან ცნობილი დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსის გარეშე გარეთ გასვლა, შესაძლოა, ნამდვილი ტრაგედია იყო. თუმცა, ბევრი დარწმუნდა, რომ ცხოვრება შეიძლება უბრალო და მშვენიერი იყოს.

სახლიდან მუშაობამ შეიძლება თანხა დაგიზოგოთ

მართლაც, ყველასთვის მოულოდნელად სახლიდან მუშაობა აქტუალური გახდა. ვისაც გაუმართლა და დაკისრებული მოვალეობის შესრულება სახლიდან გააგრძელა, ადვილად შეამჩნია, რომ ხელფასის არც თუ ისე მცირე ნაწილი, რომელსაც გზაში, კვებაში, სამგზავრო ბარათებში ან ავტომობილში ხარჯავდა, დაეზოგა.

მოგზაურობა დაზღვევის გარეშე ცუდი იდეაა

COVID19– მა ურიცხვი რაოდენობის ფრენების გაუქმება გამოიწვია. გაუქმდა სასტუმროს ჯავშნები, სამოგზაურო ტურები. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ავიაკომპანიებს, სასტუმროებს და ტურისტულ კომპანიებს თანხები უნდა დაებრუნებინათ, გადახდილის ასანაზღაურებლად ბევრი ადამიანი იბრძოდა. მათ, ვინც დაზღვევის გარეშე მოგზაურობდენ, მართლაც ზარალი განიცადეს.

თეონა რამაზაშვილი