„ასეთ ვითარებაში არა მარტო ახალი პროექტების განხორციელება, არამედ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაც ძალიან გაგვიჭირდება“

„ასეთ ვითარებაში არა მარტო ახალი პროექტების განხორციელება, არამედ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაც ძალიან გაგვიჭირდება“, - ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას 2021 წლისთვის დაგეგმილი ჰქონდა ბრედების შემოყვანა და 6 ახალი მაღაზიის გახსნა, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი დამოკიდებულია დეკემბრის სავაჭრო ბრუნვაზე. კერძოდ, როგორც რეზო მაღალაშვილი განმარტავს, მთლიანი წლის ბრუნვის 25% სწორედ ამ თვეზე მოდის. შესაბამისად, თუ შეზღუდვების გამო დეკემბერი სუსტი იქნება, იანვარ-თებერვალი კიდევ უფრო დამძიმდება და ფულადი სახსრები იმისთვის, რომ 2021-ში ახალი პროექტები განხორციელდეს, აღარ იქნება.

„2021 წლისთვის დაგეგმილი გვქონდა 6 მაღაზიის გახსნა, ახალი ბრენდების შემოყვანა, რომელიც იქნებოდა დამატებითი სამუშაო ადგილები. ასეთ პერიოდში, ინვესტორების დარწმუნება საკმაოდ რთული იყო, ჩვენ ვიმეორებდით, რომ საქართველოში „ლოქდაუნი“ არ იქნება, რომ 2021-ში ეკონომიკა დაიწყებს საწყის ნიშნულზე დაბრუნებას, რითაც ეს პროექტები წამოვიღეთ. თუმცა, იმას, რაც 2021-ში იყო დაგეგმილი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს შემდეგი 2-3 თვის შედეგები“,- აცხადებს რეზო მაღალაშვილი.

როგორც ის განმარტავს, დღეის მდგომარეობით ცალსახად თქმა, რომ ახალი ბრედნები მაინც შემოვლენ, ან - ვეღარ, შეუძლებელია.

„წინა დღეების მდგომარეობით, შემოდიოდნენ, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი იქნება დეკემბერი. იმიტომ, რომ მთლიანი წლის ბრუნვის 25% სწორედ ამ თვეზე მოდის. იანვარ-თებერვალი არის ორი ყველაზე ცუდი თვე „რითეილში“. დეკემბერმა უნდა გამოკვებოს იანვარ-თებერვალი. თუ შეზღუდვების გამო დეკემბერი სუსტი იქნება, იანვარ-თებერვალი კიდევ უფრო დამძიმდება. შესაბამისად, ფულადი სახსრები იმისთვის, რომ 2021-ში პროექტები განვახორციელოთ აღარ იქნება. მეტიც, ასეთ ვითარებაში არა მარტო ახალი პროექტების განხორციელება, არამედ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაც ძალიან გაგვიჭირდება“,- აცხადებს რეზო მაღალაშვილი.

რაც შეეხება ბრენდებს, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი ამბობს, რომ ეს არის მანგოს მამაკაცის ხაზი, იტალიური კოსმეტიკის და ასევე, თურქული კომპანიები.

„საუბარია, იტალიური კოსმეტიკის ბრენდზე, რომელთან მოლაპარაკება თითქმის, ბოლომდე იყო მიყვანილი. უბრალოდ, ახლა უკვე უნდა დავფიქრდეთ, შემოვიყვანოთ თუ არა. ასევე, მოლაპარაკებები გვაქვს თურქულ ბრენდებთან და ვგეგმავთ, „მანგოს“ ორი მაღაზიის გახსნასაც. ეს იქნება მამაკაცის ხაზი“,- აცხადებს რეზო მაღალაშვილი.

ცნობისთვის, დღეისთვის „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.

ნინი ქეთელაური