„ჩვენი ბიზნესის 70% უკვე გაჩანაგებულია, არის ლაპარაკი იმაზე იმ 30%-ს ბოლო მოეღება თუ გადარჩება,“-ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.
„სარესტორნე ბიზნესი საჯილდაო ქვა გახდა. პატარა რეგულაციაც კი თუ იწერება, იქიდან 3-4 სიტყვა სარესტორნე ბიზნესს ეხება. ცალ ფეხზე ვდგავართ და როგორ ვმუშაობთ კიდე კაცმა არ იცის. საშინელი პრესის ქვეშ ვართ, ბანკები ვალდებულებების გადახდას ითხოვენ, დღგ გვაყადაღებს და ინკასოს გვადებს, თითქოს ეს ყველაფერი ჩვენ გამო ხდება.
ჩვენი ბიზნესის 70% უკვე გაჩანაგებულია, არის ლაპარაკი იმაზე იმ 30%-ს ბოლო მოეღება თუ გადარჩება. ლაპარაკი არის რომ - თავი მოგაჭრათ თუ ჩამოგახრჩოთ, რომელს აირჩევთო. ბიზნესი უკვე ფაქტობრივად სამარეში წევს და ლაპარაკია გრანიტის ქვა დაგადოთ თუ მარმარილოსი, რომელს აირჩევთო. დღეის მდგომარეობით, მუშაობა წყდება და ვიხურებით 8 სთ-ზე, კაფე/რესტორანი, რომელიც ვერ ატარებს დაბადების დღეს, ვერ სვამს 6 კაცზე მეტს, მაგიდების ნახევარი აღებული აქვს, მუსიკა არა, ჩავთვალოთ რომ უკვე საფლავში ჩადებულია.
„დელივერი“ რეალურად ძალიან სუსტად მოქმედებს, საქართველოს მარტო 3 ქალაქშია, მათგან კი ყველაზე მეტად განვითარებული არის თბილისში და ისიც რესტორნების ორი მესამედი არ იყენებს ამ სერვისს. ანუ გადახვიდე იმაზე, რაც არ არის აპრობირებული, რთულია და მსგავსი შემოთავაზებაც ცოტა არარეალისტურია,“-აღნიშნა გაბრიჩიძემ.