22:00 საათის შემდეგ რესტორნები აღარ მუშაობენ, რეალურად კოვიდვითარებამ უკან არ დაიხია, - ამის შესახებ რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ბიზნესსექტორს ხვდება.
როგორც ბურჯანაძემ შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, დამატებითი შეზღუდვები სარესტორნო სფეროსთვის დამღუპველია და ათიათასობით ადამიანი სამუშაო ადგილს დაკარგავს.
"შეხვედრაზე უნდა წარვადგინოთ ჩვენი შეხედულებები არსებულ სიტუაციასთან მიმართებით, რაც შეეხება როგორც კოვიდს ისე, ბიზნესს. უნდა შევჯერდეთ იმ ოქროს შუალედზე, რითაც არ დაზარალდება ბიზნესი.
დღეს ეს სფერო ისეთ მდგომარეობაშია, ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა არ იქნება შეზღუდვა, არამედ იქნება სფეროს მთლიანი "ლოქდაუნი". აქედან გამომდინარე, დაიკარგება ათიათასობით სამუშაო ადგილი და ეს წარმოადგენს პრობლემას. რამდენადაა შესაძლებელი ჩვენი მხრიდან რაიმე დათმობა და უკან დახევა?! რეალურად, შესაძლოა, ეს მფლობელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენდეს დღეს და ვიღაცისთვის შესაძლოა, გარკვეული პლიუსიც იყოს, რადგან საბანკო რეგულაციები იქნება, თუ საჯარო ვალდებულებები გაჩერდება, მაგრამ აქ პრობლემას წარმოადგენენ დასაქმებულები. დასაქმებულების პრობლემიდან გამომდინარეა, რომ სახელმწიფოსა და სფეროს შორის დიალოგი იმართება, როგორ გადავარჩინოთ დასაქმებულები და როგორ ვებრძოლოთ კორონავირუსს. ჩვენი სფერო, რეალურად, წითელი ხაზების უკან დგას. ამის იქეთ, კიდევ რამე შეზღუდვები თუ უნდა მივიღოთ, უბრალოდ, წარმოუდგენელია. შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან შეთავაზება იქნება არსებული ვითარების შენარჩუნება. მარტივი ლოგიკაა, 22:00 საათის შემდეგ რესტორნები აღარ მუშაობენ და რეალურად კი, კოვიდვითარებამ უკან არ დაიხია. პირიქით, განვითარდება. ისმის კითხვა, აქ, სად არის პრობლემა რესტორნებიდან გამომდინარე?! ბევრი თავშეყრის ადგილი არის ისეთი, სადაც შესაძლოა კოვიდი განვითარდეს და დღეს, რესტორნებში ხალხი არ დადის. ის, რაც დღეს ისმის, რომ რესტორნებში თავყრილობა და ქეიფია, ასე არ არის" , - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.