კახა კალაძე - მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს

მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა.

დედაქალაქის მერმა მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ მეტროსადგურებში ხორციელდება მგზავრთა ნაკადის კონტროლი და როგორც მგზავრებს, ისე მეტროს თანამშრომლებს მოეთხოვებათ პირბადის ტარება.

კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს კოვიდი დაუდასტურდა, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელორუსიდან ჩამოიყვანს.

„ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში დარგის სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია სრულდება და მემანქანეების კორონავირუსზე ტესტირების პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დღეს რომ მეტრო გამართულად მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რის ხარჯზეა? ჩვეულებრივ ციდან ჩამოვარდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მენეჯმენტის და უსაფრთხოების ზომების მიღების ხარჯზე, ზუსტად იმ ტესტირებების ხარჯზე, რომელიც მეტროპოლიტენში ხორციელდება. სამწუხაროდ, ამ ტესტირებებით გამოვლინდა დაახლოებით 25-მდე თანამშრომლის ინფიცირების ფაქტი. თუმცა მეტროს ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ასე გაგრძელდება მომავალშიც. რაც შეეხება მეტროში მიღებულ უსაფრთხოების ზომებს, პირბადის გარეშე მეტროში შესვლა შეუძლებელია და ზუსტად მაგის გამო აქვს ადგილი პატარა რიგებს მეტროს შესასვლელთან რათა მგზავრები ეტაპობრივად შევიდნენ და ბაქანზე არ იყოს ბევრი ადამიანი. ჩვენ ვნახეთ, თუ რა მდგომარეობა შეიქმნა ორ მეტროსადგურში, მაგრამ დღეისათვის ეს პრობლემა არ არსებობს. დამატებით რეგულაციებს რაც შეეხება, თუ იქნება დამატებით მითითებები ეპიდემიოლოგების მხრიდან, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.