საქართველოში პურის ფქვილი უკვე გაძვირდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისში მოქმედ მცირე ზომის პურის საცხობებში განუცხადეს, საწყობებში დღეს მისულებს ფქვილზე უკვე მომატებული ფასი დახვდათ.
„აქამდე პირველი ხარისხის ფქვილს 56-57 ლარად ვყიდულობდით. დღეს მივედით, რომ გვეყიდა ფქვილი და ის უკვე გაძვირებული დაგვხვდა. ერთი ტომარა ფქვილი „ალაფი“ 63 ლარი გახდა, „კარმენი“ კი 61 ლარი. ალბათ, მომიწევს მეც ჩემი წარმოებულ პურზე ფასის ზრდა. 2-3 ლარით იაფია ერთი ტომარა ფქვილი წისქვილკომბინატებში, მაგრამ იქ შესყიდვა დიდ მოცულობებზე ხდება, ჩემი საცხობი კი არ არის ისეთი დიდი მოცულობის, რომ პირდაპირ წისქვილკომბინატიდან წამოვიღო ფქვილი“, - გვითხრეს ერთ-ერთ საცხობში.
გაძვირებული პროდუქციის შესყიდვა მოუწია თბილისში მდებარე კიდევ ერთ საცხობსაც: „6 ლარით ძვირად ვიყიდე ფქვილი, დაახლოებით 10 დღის წინ 55-57 ლარი ღირდა. კალკულაციის შემდეგ გადავწყვეტ, რამდენი თეთრით მომიწევს პურის და სხვა პურ-პროდუქტების გაძვირება. იგივე ფასით ნამდვილად ვერ ვიმუშავებთ“, - გვითხრა საცხობის მეპატრონემ.