აზიიდან ავტომობილების ტრანსპორტირება გაძვირდა.
თუ სექტემბრამდე ერთი მანქანის ჩამოყვანა კონტეინერით საშუალოდ 750 დოლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 1 500 დოლარია. ,,ავტო იმპორტ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ამირან კურტანიძე ვარაუდობს, რომ ფასების მატება სეზონურია და ახალი წლის შემდეგ ტრანსპორტირების ღირებულება ისევ შემცირდება, თუმცა ძველ ნიშნულს ვეღარ დაუბრუნდება.
,,ჩვენი ძირითადი ბაზარი აზია და ამერიკაა. აშშ-დან ტრანსპორტირების ფასი არ გაზრდილა. იყო მცირეოდენი გაძვირება შიდა ტრანსპორტირებაზე, რაც მომხმარებელზე ფაქტობრივად, არ ასახულა. რაც შეეხება აზიის ქვეყნებს, სექტემბრიდან მოყოლებული ყოველ ორ კვირაში იზრდებოდა ფასი, შედეგად კი ტრანსპორტირების ხარჯი სექტემბერთან შედარებით გაორმაგდა. ფასის მატება ზოგადად აზიას შეეხო, რადგან წინასაახალწლოდ მოხდა დიდი ტვირთების გადმოზიდვა. ფასი ზრდა უფრო მეტად კორეიდან ტრანსპორტირებას შეეხო, თუმცა გაძვირებულია აზიის სხვა მიმართულებებიც. ბოლო პერიოდში, საავტომობილო კონტეინერის ფასი გაუთანაბრდა სხვა პროდუქციის ფასს, როცა ყოველთვის უფრო მეტად იაფი ღირდა.
კონტეინერის ფასის ასეთი მკვეთრი გაძვირება ბუნებრივია აისახა გაყიდვებზეც, ხალხი დროებით თავს იკავებს შესყიდვებისაგან. ველოდებით, რომ ფასი დასტაბილურდება ახალი წლის შემდეგ, მაგრამ სექტემბრის ნიშნულამდე არ ჩამოვა. სექტემბერში აზიიდან მანქანების ტრანსპორტირება საშუალოდ 750 დოლარი ღირდა, ახლა 1 500 დოლარია. ვვარაუდობთ, რომ უკვე ახალი წლის შემდეგ საშუალოდ 800-850 დოლარზე ჩამოვა“, - განაცხადა ამირან კურტანიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ მსოფლიოს 59 ქვეყანაში 71 690 ერთეული მსუბუქი ავტომობილი იყიდა, ეს კი 47,2%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველომ ყველაზე მეტი ავტომობლი აშშ-ში იყიდა 53 681 ერთეული, იაპონიაში - 6 972 ერთეული, გერმანიაში - 3 636 ერთეული, კორეა - 1 038 ერთეული, ბელგიაში - 1 020 ერთეული.