საქართველოში ჯანდაცვის ტექნოლოგიების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით BTU-სა და GiS-ის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.
ერთობლივად განხორციელებული არაერთი პროექტის შემდეგ გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე მიმართულებასა და პროექტს მოიცავს.
თანამშრომლობის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდება ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინდუსტრიებში გამოყენებაზე, მსოფლიოს ირგვლივ საუკეთესო გამოცდილებების საქართველოს რეალობისათვის ადაპტირებაზე და შესაბამისი გადაწყვეტილებების შექმნაზე. HealthTech-ის განვითარება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის "ინიციატივა 5.0-ის" ნაწილია.
BTU-ს რექტორის ნინო ენუქიძის განმარტებით, უნივერსიტეტის მიზანია ქვეყნისთვის სტრატეგიულ სექტორებში ციფრული ტრანსფორმაციის მაქსიმალური ხელშეწყობობა როგორც თავად BTU-ს, ისე მისი პარტნიორების მხრიდან.
"გლობალურმა პანდემიამ კარგად დაგვანახა ჯანდაცვის ტექნოლოგიების მნიშვნელობა რამდენად მაღალია მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ჩვენც განსაკუთრებულად გვაინტერესებს ეს სექტორი. მისი განვითარების მხარდაჭერას ვაპირებთ სხვადასხვა ერთობლივი პროექტებით GiS-ისთან ერთად. დაგეგმილია კვლევები საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების ჩართულობით.ვაპირებთ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა გადაწყვეტების ინტეგრირებას ჯანდაცვის სექტორში.
ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე კერძო სექტრორთან. GiS-ისთან პარტნიორობა კი განსაკუთრებულად სტრატეგიული მნიშვნელობის არის ჩვენთვის,"- აცხადებს ნინო ენუქიძე.
თანამშრომლობის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია Pepper რობოტის ქართული ჯანდაცვის სისტემაში დანერგვა. GiS-ის წარმომადგენლის ნინო ლორთქიფანიძის განმარტებით, პეპერი არის Softbank Robotics-ის მიერ შექმნილი პირველი ჰუმანოიდი რობოტი.
"GiS არის Softbank Robotics-ის ოფიციალური, სერტიფიცირებული პარტნიორი, რომელიც ქმნის სხვადასხვა გადაწყვეტილებებს რობოტისათვის. მისი გამოყენება შეიძლება ბიზნესის თითქმის ყველა ინდუსტრიაში, როგორიცაა: HORECA, განათლება, საბანკო სფერო, ვაჭრობა და ა.შ.
მათ შორის ჯანდაცვის სფეროშიც Pepper რობოტი საკმაოდ ფართოდ გამოიყენება და ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს, დაწყებული საზოგადოების ინფორმირებიდან, ტემპერატურისა და სხვა ძირითადი პარამეტრების მონიტორინგისა თუ ექიმის დანიშნულების საფუძველზე კონსულტაციის გაწევის ჩათვლით," - განმარტავს ნინო ლორთქიფანიძე.
მისივე განმარტებით, ჯანდაცვის ტექნოლოგიები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა და ტექნოლოგიების მნიშვნელობა ჯანდაცვის სფეროში უდავოა.
"ტექნოლოგიებს შეუძლიათ გარდამტეხი როლი შეასრულონ როგორც არსებული პანდემიის
მართვაში, ასევე მომავალში სფეროს მოდერნიზაციისა და გაციფრულების საკითხებში. მსოფლიო უკვე მივიდა იმ დასკვნამდე რომ ტექნოლოგიებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაამარტივონ პროცედურები, გაზარდონ ინსტიტუციების ეფექტურობა და ეფექტიანობა, გამოათავისუფლონ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სამედიცინო პერსონალის დროითი რესურსი და შესაბამისად, გაზარდონ მათ მიერ ჯანდაცვის სერვისების გაწევის შესაძლებლობები. თანამედროვე ტექნოლოგიებს ასევე შეუძლიათ მნიშვნელოვნად აამაღლონ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი, რაც რიგ შემთხვევებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს რიგი დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებას. თუ დავუშვებთ რომ ჩვენი გრძელვადიანი მიზანი არის „მკურნალობის” ჩანაცვლება
„ეფექტური პრევენციით“, შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიების საშუალებით ანალიტიკა და მონიტორინგი, არის აუცილებელი კომპონენტი რომლის განვითარებისათვის დღეს ყველა წინაპირობა არსებობს. HealthTech ერთმნიშვნელოვნად ეფექტური იარაღია მსოფლიო ჯანდაცვის სფეროს განვითარებისათვის, შესაბამისად მნიშვნელოვანია თითოეული იმ ინსტიტუციის ინიციატივა და აქტივობა, რომელსაც აქვს უნარი და შესაძლებლობა, რომ წვლილი შეიტანოს ამ ტექნოლოგიების განვითარებაში, " - აცხადებს ნინო ლორთქიფანიძე.
მიმდინარე პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების როლი, შესაბამისად, GiS-ის გუნდის უახლესი 3 წევრიდან სამივე არის სტუდენტი, 2 მათ შორის BTU-ს სტუდენტია. განსაკუთრებით ტექნოლოგიების სფეროში ხშირად სწორედ სტუდენტები არიან ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ამ ინდუსტრიას ყოველდღიურად ანვითარებს.