გერმანიას, პანდემიის გამო, ევროკავშირის ტერიტორიაზე მდებარე სათხილამურო კურორტების დროებით დახურვა სურს

გერმანია სათხილამურო კურორტების დახურავასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურავა მინიმუმ იანვრის დასაწყისამდე სურს.

„ღიად ვიტყვი, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ შევეცდებით”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის რეგიონების ლიდერებთან გამართული საუბრის შემდეგ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა სამთო-სათხილამურო სეზონის გადადების ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა, თუმცა ჯუზეპე კონტე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მთელი ევროპის მასშტაბით უნდა იყოს მიღებული.

ზამთრის კურორტების დახურვის იდეასთან დაკავშირებით ავსტრიამ შეშფოთება გამოხატა. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი ზამთრის კურორტებს დახურავს, ამისთვის „საფასურის გადახდა მოუწევს“ და კომპენსაციის თანხამ, შესაძლოა, მილიარდობით ევრო შეადგინოს.