პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას გასცემს ყველა კომპანიისთვის, რომ თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, დაწესებული შეზღუდვების პერიოდში საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული.
„ჩვენ მკაცრ რეკომენდაციას გავცემთ ყველა კომპანიისთვის, რომ შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად თანამშრომლები გადავიყვანოთ დისტანციურ შრომაზე. მინდა გითხრათ, რომ საჯარო მოხელეების 80% ამ პერიოდში დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული. მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ცხოვრება გრძელდება, ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავივიწყებდით და გვერდს ვერ ავუვლიდით საახალწლო დღესასწაულებს, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტერსებიდან გამომდინარეც. ამიტომ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 8 ქალაქში იხსნება ყველა სახის შეზღუდვა. შესაბამისად, ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, სავაჭრო მოლები, ეს ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა, უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ეპიდემილოგიური უსაფრთხოების ის ნორმები, რომელიც ჯანდაცის სისტემის მიერ არის დადგენილი. დღესაც ქვეყანაში მოქმედებს ბევრი შეზღუდვა, რომელიც ან დაგვავიწყდა, ან არ ვასრულებთ“, - განაცხადა გახარიამ.