„შსს-ს მიეცა დავალება, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომ უმკაცრესად იყოს გაკონტროლებული ეს შეზღუდვები"

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა დავალება ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომ უმკაცრესად იყოს აღდგენილი და გაკონტროლებული ეს შეზღუდვები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში აქამდე მოქმედი შეზღუდვები დაგვავიწყდა ან არ ვასრულებთ.

“უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ის ნორმები, რომლებიც არის დადგენილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. სამწუხაროდ, მე მინდა ვთქვა და ეს არ არის საყვედური და ეს ყველას გვეხება - დღესაც ქვეყანაში მოქმედებს ბევრი შეზღუდვა, რომელიც ან დაგვავიწყდა ან არ ვასრულებთ, ამიტომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა დავალება ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომ უმკაცრესად იყოს აღდგენილი და გაკონტროლებული ეს შეზღუდვები. ეს სწორედ ის კომპრომისია, რომელზეც მე ვსაუბრობდი, როდესაც ჩვენს ბალანსში დამატებით მესამე კომპონენტი, პოლიტიკური კომპონენტი შემოვიდა”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო. შეზღუდვები 2 თვეს - 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.