პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტს ბიზნესისა და მოსახლეობისთვის მიზნობრივი დახმარების პორტფელი, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც დღეს შესაძლებელია. მისივე თქმით, დღეს გაჟღერებული შეზღუდვების იურიდიული ბაზა შესაბამისი კანონის მოქმედების ვადიდან გამომდინარე, 1-ელ იანვრამდეა.
„დახმარების მეოთხე ტალღის პორტფელი, როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარების, ასევე ბიზნესის დახმარების საერთო ბიუჯეტი სახელმწიფოს დაუჯდება 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი. გვესმის, რომ ესაა ის მინიმუმი რომლის გაკეთებაც დღეს შეგვიძლია. გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეზღუდვების ფორმალური მხარით გატარების იურიდიული ბაზა 1-ელ იანვრამდე გაგვაჩნია. მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის კანონი 1-ელ იანვრამდე მოქმედებს, ისევე როგორც ბიუჯეტია დასამტკიცებელი და დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება ამ ყველაფერს სწრაფად და მარტივად გავაკეთებთ.
ეს იქნება 2 თვიანი გეგმა, რომელმაც შედეგი უნდა მოგვცეს, ქვეყანაში ინფიცირების გავრცელების ტემპი დაასტაბილუროს, რამაც ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური ზრდის ის პოტენციალი უნდა შეუნარჩუნოს, რომელიც გაგვაჩნდა გაზაფხულზე და დღესაც, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს პოტენციალი აქვს სწრაფი პოსტ- კრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.