საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, თვითდასაქმებულთათვის 300 ლარიანი დახმარების პროგრამა აღდგება. ამასთან, სახელმწიფო თვითდასაქმებულებს სესხის გადავადებაში დაეხმარება.
როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უკვე დაწყებულია იმ ადამიანების აღრიცხვა, რომლებიც არაფორმალურად არიან დასაქმებულები და ამ პროგრამით დაახლოებით 120 000 ბენეფიციარი ისარგებლებს.
„ჩვენ ვაწესებთ იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის დროს, ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვყავს ამ ხალხის აღრიცხვა და ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა ვიღებთ ვალდებულებას, რომ თითოეულ ადამიანს ამ სფეროდან, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო მიზნობრივად დაეხმარება სესხის გადავადებაში. 300 - ლარიანი დახმარებით არაფორმალურად დასაქმებულებისათვის პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჟამად დავიწროებულია ეს სფერო და ვფიქრობთ, რომ იქნება სადღაც 100-120 000 ბენეფიციარი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დახმარების პროგრამა პირველი იანვრიდან 6 თვის განმავლობაში ამოქმედდება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მათ 6 თვის ჯამში 1200 ლარი დაერიცხებათ.
„მიზნობრივი პროგრამა ფორმალურად დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, პირველი იანვრიდან დაიწყება თავიდან და გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ეს გახლავთ 1200 ლარი - 6 თვის განმავლობაში, 200 ლარი ყოველთვიურად. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური, მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში. წინა ტალღის პირობებში ამ დახმარებით ისარგებლა 125 000-მა ადამიანმა და ვფიქრობთ, რომ ახლაც მსგავსი ციფრი იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.