„მთავრობის მხრიდან ბოლო შეზღუდვებზე ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა“,- ამის შესახებ „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორმა გიორგი ასათიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარება და შეზღუდვები გასაგებია, თუმცა ისედაც ზარალზე მომუშავე ბიზნესის კიდევ ერთხელ გაჩერება, მინიმუმ, 1-წლიან დაპაუზებას ნიშნავს.
ამასთან, გიორგი ასათიანი აღნიშნავს, რომ სხვა სექტორების მსგავსად, სახელმწიფო შეღავათები ფიტნეს კლუბებზეც უნდა გავრცელდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ბიზნესს მუშაობის აღდგენის რესურსი უბრალოდ აღარ ექნება.
„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ძალიან მძიმე ეპიდ-სიტუაციაა ქვეყანაში. ეს დამატებითი შეზღუდვებიც გასაგებია. თუმცა, მეორე მხარეს დგას ეკონომიკა და ბიზნესი. კონკრეტულად ჩვენ 6 თვის განმავლობაში ვიყავით სრულად გაჩერებული, შემდეგ გავაგრძელეთ მუშაობა ზარალზე და ახლა კიდევ დამატებით გვიწევს 2-თვიანი გაჩრება. ეს არის ბიზნესის დაახლოებით, 1 წლიანი უფუნქციოდ დატოვება. ამ ყველაფრის ფონზე, ერთადერთი გამოსავლი იმისთვის, რომ ბიზნესმა ფუნქციონირება როდესღაც მაინც განაახლოს, არის რაღაც ტიპის სახელმწიფო შეღავათები. ვფიქრობ, ჩვენ სექტორზეც უნდა გავრცელდეს, ეს იქნება საგადასახადო შეღავათები, თუ ბანკის სესხის სუბსიდირება. იმიტომ, რომ მსგავსი დახმარება უკვე გავრცელდა სასტუმრო ბიზნესზე, ივენთ კომპანიებზე, ახლა არის საუბარი რესტორნებზე და ამ დროს ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი სექტორი, ვისაც რეალურად ყველაზე მეტად შეეხო პანდემია და შეზრუდვები“,- ამბობს გიორგი ასათიანი.
კითხვაზე, შეღავათებთან დაკავშირებით მთავრობასთან იყო თუ არა კომუნიკაცია, „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორ ამბობს, რომ ბოლო გადაწყვეტილების დროს, არ ყოფილა.
„მათთან აქტიური კომუნიკაცია იყო პირველი „ლოქდაუნის“ დროს და ასევე, გახსნის პერიოდში. თუმცა, მთავრობის მხრიდან ბოლო შეზრუდვებზე ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა“, - აღნიშნავს გიორგი ასათიანი.
ცნობისთის, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო.