გიორგი გახარია განმარტავს, ვინ შეძლებს ერთჯერადად 300-ლარიანი და 6 თვის განმავლობაში, ჯამში 1 200-ლარიანი დახმარების მიღებას

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, ვინ შეძლებს ერთჯერადად 300-ლარიანი და 6 თვის განმავლობაში, 1 200 ლარიანი დახმარების მიღებას.

მისი თქმით, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიანი დახმარება ყველას შეეხება, ვინც სამსახური პანდემიის გამო დაკარგა და შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ხოლო ერთჯერადი დახმარება მათზე გავრცელდება, ვისაც მომავალი 2 თვის განმავლობაში შემოღებული შეზღუდვები შეეხება.

„ორი განსხვავებული საკითხია, ერთია იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც კონკრეტულად ამ 2 თვიან შეზღუდვებში მოხვდნენ. ესაა ერთჯერადი დახმარება. რაც შეეხება 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან, ანუ ჯამში 1 200 ლარიან დახმარებას, ეს სისტემური დახმარებაა და განსაზღვრულია ყველასთვის. აქ შეზღუდვა დარგების მიხედვით არაა. ადამიანი, რომელიც ფორმლუარად დასაქმებული იყო, დაკარგა სამსახური, ფორმალურად ამის მექანიზმი უკვე არსებობს და წინა ჯერზე 135 000-ზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ ისარგებლა, ეს გაგრძელდება. ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და ჯერაც არ უპოვიათ, ახალ განაცხადს აკეთებენ“,-განმარტა პრემიერმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არაფორმალურად დასაქმებულები 300- ლარიან, ხოლო ფორმალურად დასაქმებულები პირველი იანვრიდან 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.