ალბათ, ეს ყველაფერი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვის საფუძველსაც იძლევა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 4.3 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, დათვლილი იყო უფრო პოზიტიური სასტარტო პირობების შემთხვევაში, თუმცა, ნოემბერში შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება, მძიმე იქნება ასევე იანვარი და თებერვალი, რაც გავლენას მოახდენს მომავალი წლის ეკონომიკურ ზრდაზე. თუმცა, მინისტრი ამბობს, რომ გასათვალისწინებელია ვაქცინის მოლოდინი, როგორც პოზიტიური ფაქტორი. მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს 4%-იანი ზრდის შენარჩუნება მაინც შესაძლებელი იქნება.
„თქვენ იცით, აგვისტო - სექტემბრის ეკონომიკური ზრდის მონაცემები იყო საკმაოდ დამაიმედებელი, ასევე დამაიმედებელი იყო ფისკალური მონაცემებიც. ნოემბერში ვატყობთ, რომ უკვე დაეტყო ფისკალურ მონაცემებსაც, მნიშვნელოვანი შემცირება გვაქვს შემოსავლებში, ჯერ შეზღუდვები არ გვაქვს დაწესებული და უკვე სერიოზული შემცირება დაეტყო. როცა ჩვენ ვამბობდით -5%-მდე კლებას (წელს), ეს უფრო ოპტიმისტური პერიოდიდან არის დათვლილი, ამიტომ შეუძლებელია ნოემბერმა და ახლა უკვე შეზღუდვებით დახუნძლულმა დეკემბერმა გავლენა არ მოახდინოს ამაზე. აქ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ალბათ ეს ყველაფერი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვის საფუძველსაც იძლევა, რადგან ერთის მხრივ სასტარტო პირობები უფრო დამძიმებულია, მათ შორის იანვარი, ალბათ თებერვლის ნაწილიც, ამ დროისთვის შეზღუდვების ნაწილი უკვე მოხსნილი იქნება დარმწუნებული ვართ, მაგრამ ეკონომიკური აქტივობა ასე იოლად არ აღდგება, ეს არის ის ფაქტორი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს იმ 4.3 %-იან პროგნოზს. თუმცა, არის მეორე ფაქტორი, რომელიც ამ პროგნოზს აუმჯობესებს, ეს არის უკვე პრაქტიკულად დადასტურებული ვაქცინა, რომლის დროული მიღების შემთხვევაში, წლის მეორე ნახევარი ან 7 თვე უფრო სწრაფად აღდგება ვიდრე თავდაპირველი პროგნოზი იყო. თავდაპირველი პროგნოზი იყო 4.3% ზრდა 2021 წლისთვის, მაგრამ ამ პროგნოზში სასტარტო პირობები იყო უფრო პოზიტიური, ცოტა უფრო დაბალი გავრცელება იყო ნაგულისხმევი პანდემიის და ამ ტიპის შეზღუდვები არ იყო, თუმცა, ასევე უფრო ხანგრძლივი ვადა იყო ნაგულისხმევი ვაქცინის მიღებამდე. შესაბამისად ახლა ეს ორი - ნეგატიური და პოზიტიური ფაქტორი იმოქმედებს 2021 წელზე. შესაბამისად, დათვლები გასაკეთებელია იმის მიხედვით, რა სურათს მოგვცემს შეზღუდვები. მე მაინც მგონია, რომ 4%-იანი ზრდის შენარჩუნება მაინც შესაძლებელია. თუმცა, ამას დაწვრილებით უფრო მოგვიანებით გეტყვით,“- განაცხადა მაჭავარიანმა.