პურის ფასის შენარჩუნებისთვის მთავრობა სუბსიდირების 3 სცენარზე მუშაობს - „მეხორბლეთა ასოციაცია“

რუსეთში საექსპორტო ხორბლის ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ფასის ზრდა, საქართველოში მასობრივი მოხმარების პურზე რომ არ აისახოს, სახელმწიფო სუბსიდირების რამდენიმე მექანიზმზე მუშაობს - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ლევან სილაგავას თქმით, პურზე ფასის ზრდაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო დაახლოებით 10 დღის ვადაში ასოციაციასთან ერთად დამუშავებული სუბსიდირების სამი მექანიზმიდან ერთ-ერთს აამოქმედებს.

,,სამწუხაროდ, ხორბლის ბალანსი მსოფლიო ბაზრებზე არ არის სახარბიელო. რუსეთმა, უკვე გამოაცხადა ოფიციალურად კვოტირება ახალი წლიდან. პანდემიის მეორე ტალღის პირობებში კი ძალიან ბევრმა ქვეყანამ კვლავ დაიწყო, ხორბლის აჟიოტაჟური შესყიდვა, რამაც მოთხოვნა 30%-ით გაზარდა გასულ წელთან შედარებით.

ჩვენი საშუალო შეწონილი ფასი სექტემბერთან შედარებით, 60-70 დოლარით არის გაძვირებული, დაახლოებით 25-30%-ით. შესაბამისად, ფქვილის ფასი ნელ ნელა იზრდებოდა, თუმცა ეს არ აისახებოდა პურ-პროდუქტების ფასზე დრამატულად. თუ სექტემბერში ფქვილის ფასი იყო 49-50 ლარი, დღეს არის წისქვილიდან გასაყიდი პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 55-დან 57 ლარამდე. ვუახლოვდებით იმ მიჯნას, როდესაც სახელმწიფომ სუბსიდირების რომელიმე მექანიზმი უნდა გამოიყენოს. ეს არის ჩვენი თანამონაწილეობით დამუშავებული რამდენიმე სცენარი. პირველი, ხორბლის სუბსიდირება როგორც პირველი ტალღის დროს იყო. მეორე, ფქვილზე სუბსიდირება, როცა პურის ქარხნებთან მიწოდებისას იარსებებს ფიქსირებული ფასი და მესამე თვითონ პურზე სუბსიდირება 5-10 თეთრით. განიხილება ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მექანიზმი და რომელიმეს გამოყენება მოუწევს სახელმწიფოს.

შემიძლია გითხრათ, რომ პურზე ფასის ზრდაზე საუბარი არ არის. დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ალბათ, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზარდოს. ზემოთ ჩამოთვლილი სამი გზიდან, რომელიმეზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ, ეს ინფორმაცია გვაქვს.“,- ამბობს სილაგავა.

მისივე თქმით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ფქვილისა და ხორბლის ექსპორტს 104 კომპანია ახორციელებდა, რის გამოც ბაზარზე მონოპილია უბრალოდ ვერ იქნება.

ცნობისთვის, რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. 1 ტონა ხორბალი 250-253 დოლარია.

თამარ მუკბანიანი