დავით ჭიჭინაძე - ერთხელ მაინც მოხდეს ისე, რომ ფინანსები სამართლიანად ხალხისთვის დაიხარჯოს, სხვა შემთხვევაში, პირდაპირ ვადგავართ გზას შიმშილისკენ და სოციალური აფეთქებისკენ

ერთხელ მაინც მოხდეს ამ ქვეყანაში ისე, რომ ფინანსები სამართლიანად ხალხისთვის დაიხარჯოს, სხვა შემთხვევაში, პირდაპირ ვადგავართ გზას შიმშილისკენ და სოციალური აფეთქებისკენ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

როგორც ჭიჭინაძე ამბობს, ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა ხდება ქვეყანაში.

„ოცნების“ მთავრობას, ყველა ნაწილში, რასაც კი აკეთებენ, კორუფციული ელემენტი თუ არ მონაწილეობს, საერთოდ სურვილი არ აქვთ რამის კეთების. სწორედ ამ რეალობის შედეგია ის, რაც ახლა ხდება ქვეყანაში. ჯანდაცვის სისტემის სრული ჩამოქცევაც მხოლოდ მაგიტომ მივიღეთ, რომ საავადმყოფოები და ჯანდაცვა ინფრასტრუქტურის შემადგენლობიდან მომსახურების სფეროში გადაიყვანეს. ხელისუფლებას კი არაფერი ეტყობა, რომ ათვითცნობიერებს, ან საერთოდ ხვდება რა ხდება გარშემო. ვერც კი წარმოუდგენიათ იმ პროცესების განვითარება, რაც მოყვება მათ ამ ნაბიჯებს. ამიტომ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორების ელემენტების დავიწყება და იმ სურათის რეალურად შეფასებაა, რაც ქვეყანაშია; ეკონომიკის რეალისტურად შეფასებაა და არა პროპაგანდისტულად, მხოლოდ ისე, როგორც მათ აწყობთ. ასევე, რესურსების დათვლა ჯანდაცვის სისტემაში, ოღონდ აქაც კორუფციული ელემენტების გარეშე. მოკლედ, ერთხელ მაინც მოხდეს ამ ქვეყანაში ისე, რომ ფინანსები სამართლიანად ხალხისთვის დაიხარჯოს, მითუმეტეს, როდესაც ასეთი კრიზისული მდგომარეობაა. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ პირდაპირ ვადგავართ გზას შიმშილისკენ და სოციალური აფეთქებისკენ“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.