საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა.
ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და მათი დაძლევის გზები იყო განიხილვის მთავარი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან, სელიმ ჩაკირთან, გამართულ დისტანციურ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ, სოსო ფხაკაძესთან ერთად აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საუბარი ასევე შეეხო ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პრობლემებს, კერძოდ, ასოციაციის წარმომადგენლებმა სავალუტო ფონდს გაუზიარეს ის წუხილი, რომელიც საქართველოში მოქმედ ბიზნეს ოპერატორებს აქვთ და მათ მიერ ბოლო პერიოდის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის გამო მიღებულ მნიშვნელოვან დანაკარგებს უკავშირდება.
“პანდემიის დაწყებიდან დღემდე აქტიურ კომუნიკაციაში ვართ როგორც ბიზნესთან, ისე ხელისუფლებასთან, რათა მუდმივად ვიცოდეთ, ერთის მხრივ, ბიზნესის საჭიროებები, ხოლო მეორეს მხრივ, დროული და სწორი კომუნიკაციით შევძლოთ ხელისუფლებასთან აღნიშნული პრობლემების მიტანა. ამასთან, ჩვენი აზრით, ბიზნესის გადარჩენისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი მთავარი საკითხი, რომელთაგან ერთი კრიზისულ ვითარებაში ბიზნეს ოპერატორების ლიკვიდურობის მხარდაჭერაა, რაც მაგალითად, გულისხმობს გარკვეული გადასახადების კომპანიებში დატოვებას. რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელსაც ჩვენ დღეს სავალუტო ფონდის წარმომადგენლობასთან შეხვედრაზე დიდი დრო დავუთმეთ, გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამ მიმართულებით, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ აქტიურ დიალოგს და შესაძლო სცენარებსა და მექანიზმებს სამუშაო რეჟიმში დეტალურად განვიხილავთ“, - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.