ეს რეგულაციები, დაარქმევ თუ არა მათ „ლოქდაუნს“, ფაქტობრივი ლოქდაუნია და ეს არის საბოლოოდ ბიზნესის, ეკონომიკის დასამარება და შესაბამისად, ხალხის კიდევ უფრო გაღარიბება, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი ჟურნალისტებთან მთავრობის მიერ გამოცხადებულ შეზღუდვებს.
მისი თქმით, არგუმენტი რომ შეზღუდვები სხვა ქევყნებშიც არის დაწესებული, არამართებულია, რადგან „რასაც უძლებს მაგალითად გერმანიის ეკონომიკა, ვერ გაუძლებს საქართველოს ეკონომიკა“.
„რატომ არ შეიძლება გარეთ გამოსვლა 10 საათიდან- 5 საათამდე, რა ხდება ეგეთი? რატომ დავწიეთ ეს 10 საათი 9 საათზე, არგუმენტირებული პასუხი არც მაშინ არსებობდა გაზაფხულზე და არც დღეს არსებობს. რატომ შეიძლებოდა რესტორანში ჯდომა 10 საათამდე და არ შეიძლებოდა 10-ის მერე, ესეც გაუგებარია. ზოგადად, პრობლემაა ის, რომ გაზაფხულის მერე მთავრობამ თვითტკბობის გარდა არაფერი გააკეთა, არ მოემზადა მეორე ტალღისთვის, არ მოამზადა ჯანდაცვის სისტემა, შესაბამისად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და გარდა ამისა, ძალიან მაინტერესებს მეც და მთლიანად საზოგადოებას სად გაქრა ის თანხები, რომელიც გამოყოფილი იყო კოვიდთან ბრძოლისთვის. დიდი ეჭვი მაქვს, რომ იქნა მითვისებული ისევე როგორც ბევრი სხვა თანხა ამ 8 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ბევრი კითხვა ჩნდება, რომელზეც პასუხი არ არის. ეს რეგულაციები, დაარქმევ მათ თუ არ დაარქმევ „ლოქდაუნს“, ფაქტობრივი ლოქდაუნია და ეს არის საბოლოოდ ბიზნესის, ეკონომიკის დასამარება და შესაბამისად, ხალხის კიდევ უფრო გაღარიბება, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოდის ზამთარი, როცა ხალხს ისედაც უჭრის.
უნდა მოემზადებინათ ჯანდაცვის სისტემა ამ რეალობისთვის, შესაბამისად, არ იქნებოდა აუცილებელი ფაქტობრივი ლოქდაუნის გამოცხადება. არავითარ ლოგიკაში არ ჯდება ბიზნესების დახურვა. ვინმე თუ ამიხსნის, როგორ შეიძლება საქართველოში არსებულმა ბაზრობებმა ონლაინ სისტემით იმუშაოს? ლილოს ბაზრობა ონლაინ სისტემით წარმოგიდგენიათ? ამის დახურვის არავითარი აუცილებლობა არ იყო, მაშინ როცა ის ღია ცის ქვეშ მუშაობს, არც იმ რესტორნების დახურვის აუცილებლობა არ არის, რომლებსაც აქვთ ღია სივრცეები, ან სათანადო სივრცეები რომ გარკვეული დისტანცია დაიცვან, რესტორანი არ არის მხოლოდ რესტორანი, ეს არის ბიზნესი, რომელიც ასაქმებს ადამიანებს. ზამთრის კურორტების დახურვის აუცილებლობაც კარგად არ მესმის,“- განაცხადა თარხნიშვილმა.