„ველოდებით დასაქმებული პირების, მათ შორის თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს"

ველოდებით დასაქმებული პირების, მათ შორის თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, თვითდასაქმებულ პირებს, რომლებსაც აქვთ საბანკო ვალდებულებები, სესხის რესტრუქტურიზაციის ნაწილში დაეხმარებიან.

„დეკემბრის და იანვრის შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც არის სავაჭრო ქსელისთვის და სარესტორნო ბიზნესისთვის დაწესებული, ჩვენ შევთავაზეთ ყველა დასაქმებულ პირს, მათ შორის , თვითდასაქმებულ პირს 300-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა უშუალოდ სავაჭრო ობიექტებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის. ჩვენ ველოდებით დასაქმებული პირების და მათ შორის არაფორმალურად დასაქმებული პირების, თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და დეკემბრის განმავლობაში განხორციელდეს.

ისევე როგორც შეზღუდვების პირველი ტალღის დროს, ახლაც იმ მოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა, სამსახურს დაკარგავენ, ვთავაზობთ ამ პერიოდის განმავლობაში 1200-ლარიან კომპენსაციას, რომელიც იქნება გაცემული თვეში 200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

ბანკებთან ერთად ვეცდებით, რომ დავეხმაროთ იმ თვითდასაქმებულ პირებს, რომლებიც მუშაობენ სავაჭრო სექტორში და ბაზრობებზე ან სარესტორნო სექტორში, ვისაც აქვთ საბანკო კრედიტები და სჭირდებათ ბანკებთან დახმარება, რათა მოხდეს მათი სესხების რესტრუქტურიზაცია,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.