სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკურ პარტიებს ვაფინანსებთ სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე, მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და შეასრულონ ის დაკვეთა, რა დაკვეთასაც მათ აძლევს მოქალაქე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, „დაფინანსება ყოველთვის მიბმულია პასუხისმგებლობის აღებაზე“. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში.
„არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი თავის პოლიტიკურ პარტიად პოზიციონიება, პირველ რიგში, ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობაა. ეს პასუხისმგებლობა გამოიხატება იმ პროცესში მონაწილეობაში, რასაც გულისხმობს საპარლამენტო დემოკრატია. შესაბამისად, ყველა ამ პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში ისე, როგორც ეს გადაწყვიტა ქართველმა ამომრჩეველმა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაფინანსებაზე, დაფინანსება ყოველთვის მოყვება ამა თუ იმ საქმის კეთებას და ამა თუ იმ პასუხისმგებლობის აღებას, შესაბამისად, ჩემი პოზიციაც არის ის, რომ ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკურ პარტიებს ვაფინანსებთ სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე, მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და შეასრულონ ის დაკვეთა, რა დაკვეთასაც მათ აძლევს მოქალაქე და რა დაფინანსებსაც ეს მოქალაქე იხდის თავის ჯიბიდან. შესაბამისად, ყველა დაფინანსება არის მიბმული პასუხისმგებლობაზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა - 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.
კანონმდებლობის გათვალისწინებით, აღნიშნულ პარტიებს 25 ნოემბრამდე ჰქონდათ დრო, რათა დაფინანსების მისაღებად ცესკოსთვის წერილობითი თანხმობა წარედგინათ.
ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას წერილობით 14-დან ცხრა პარტიამ მიმართა. ეს პარტიები არიან: “ქართული ოცნება“, “ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და “კანონი და სამართალი“.
შესაბამისად, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.