გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე დაახლოებით 10 მილიონ ლარს დახარჯავს. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 50 კილოგრამიან ტომარაზე მთავრობის მხრიდან სუბსიდია მაქსიმუმ 10 ლარი იქნება და აღნიშნული მექანიზმი პურზე ფასის დასტაბილურებას უზრუნველყოფს.
„ფასი განვსაზღვრეთ ფიქსირებული 53 ლარით. წისქვილებისთვის არის პირობა, რომ ამ ფასზე მეტად არ გაყიდიან პირველი ხარისხის ფქვილს, რომელიც პურის ცხობაში გამოიყენება. 53 ლარი იქნება ფქვილის 50 კილოგრამიანი ტომრის ფასი. სახელმწიფო სუბსიდია იქნება ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. წისქვილები სხვადასხვა ფასს შემოგვთავაზებენ, გარკვეული კონკურენციაც იქნება, რომ სახელმწიფოს ნაკლები თანხა დაუჯდეს და შედეგი იგივე მივიღოთ, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. დაახლოებითი ბიუჯეტი შეფასებულია, რომ თვეში 2-2.5 მილიონი ლარია და დაახლოებით მთელი პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია“,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.